Thumbnail

მეცნიერებმა ტიბეტის ყინულოვან საფარში 15,000 წლის წინანდელი ვირუსები აღმოაჩინეს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

აშშ-ში მდებარე ოჰაიოს შტატის უნივერსიტეტსა და ამავე ქვეყანაში განლაგებულ ლოურენსის სახელობის ბერკლის სახელმწიფო ლაბორატორიაში მომუშავე მეცნიერებმა ტიბეტის მთიანეთის ყინულოვან საფარში 15 ათასი წლის წინანდელი ვირუსები აღმოაჩინეს. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოცემაში Microbiome ახლახან გამოქვეყნებულ ნაშრომშია წარმოდგენილი.

მეცნიერებმა 100 მილიონი წლის წინ ოკეანეში დამარხული ბაქტერიები გააცოცხლეს

სპეციალისტებმა ჩინეთის დასავლეთ ნაწილში, ტიბეტის მთიანეთის გულის სახელით ცნობილი ყინულოვანი საფარიდან ამოღებული ნიმუშები შეისწავლეს. ისინი მკვლევრებმა ზღვის დონიდან 6.7 კილომეტრ სიმაღლეზე მდებარე ადგილიდან მოიპოვეს, სადაც ყინული ათასობით წლის განმავლობაში გროვდებოდა და კონკრეტულ პერიოდში დედამიწის ატმოსფეროში არსებულ ვირუსებსა თუ მიკრობებს სხვადასხვა ფენაში ინახავდა. მასალის ანალიზის შედეგად, მეცნიერებმა საერთო ჯამში 33 პათოგენის გენებს მიაგნეს. აღსანიშნავია, რომ მათგან 28-ის შესახებ ამ დრომდე არაფერი ვიცოდით.

მეცნიერები ტიბეტის მთიანეთიდან მოპოვებული ყინულის ნიმუშის ანალიზისას. ფოტო: Lonnie Thompson

ახალაღმოჩენილი გენეტიკური ინფორმაციის ვირუსთა მონაცემთა ბაზასთან შედარებამ აჩვენა, რომ ყინულის ნიმუშებში ყველაზე დიდი რაოდენობით დაფიქსირებული პათოგენები იმ ბაქტერიოფაგებს მიეკუთვნებიან, რომლებიც მეტწილად Methylobacterium-ად წოდებულ მიკროორგანიზმებს ასნებოვნებენ. მკვლევართა განცხადებით, ისინი არა ცხოველებში, არამედ ნიადაგში ან მცენარეებში წარმოიქმნებიან. რაც ჩეეხება დანარჩენს, ვარაუდობენ, რომ მათი უმეტესობა ძველად მკაცრ პირობებს შეჩვეული იყო და უჯრედთა ინფიცირების უნარს უკიდურეს სიცივეშიც კი ინარჩუნებდა

მეცნიერებმა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე აქამდე უცნობი ბაქტერიები აღმოაჩინეს

ნაშრომის ავტორთა თქმით, მათი მიგნება დედამიწაზე სხვადასხვა დროს არსებული ვირუსების ევოლუციის უკეთ შესწავლაში დაგვეხმარება. ასევე, მისი მეშვეობით შევძლებთ გავიგოთ, რა გავლენა ჰქონდა მათზე კლიმატის ცვლილებას და წარმოადგენენ თუ არა ჩვენთვის საფრთხეს გლობალური დათბობის გამო გამლღვალი ყინულიდან გამოთავისუფლებული ინფექციური აგენტები.

კომენტარები

ბოლო ამბები