Thumbnail

ნახეთ: ასტრონომებმა ეგზოპლანეტის გარშემო მთვარეების წარმომშობი დისკი აღმოაჩინეს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ჩილეს უნივერსიტეტსა და გერმანიის მაქს პლანკის სახელობის ასტრონომიის ინსტიტუტში მომუშავე მეცნიერებმა კოლეგებთან ერთად შორეული ეგზოპლანეტის გარშემო აირისა და მტვრის დისკი აღმოაჩინეს, რომელმაც, შესაძლოა, რამდენიმე ბუნებრივი თანამგზავრი წარმოქმნას. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი მსგავსი პრეცედენტია. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოცემაში Astrophysical Journal Letters ახლახან გამოქვეყნებულ ნაშრომშია წარმოდგენილი.

ასტრონომებმა ორი ახლომდებარე ვარსკვლავის გარშემო პლანეტური სისტემები აღმოაჩინეს

სპეციალისტებმა დისკი კენტავრის თანავარსკვლავედში, დედამიწისგან 400 სინათლის წლით დაშორებულ სისტემაში დააფიქსირეს, რომლის ცენტრშიც ნარინჯისფერი ჯუჯის ტიპის მნათობია განლაგებული. მის გარშემო განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფი, აირის გიგანტებად წოდებული ეგზოპლანეტები მოძრაობენ. ერთ-ერთი მათგანია PDS 70b, მის მეზობლად კი PDS 70c გადაადგილდება, რომელიც იუპიტერს მოგვაგონებს. მეცნიერებმა სხვადასხვა სახის მატერიისგან შედგენილი, ბეჭდის ფორმის უზარმაზარი ღრუბელი სწორედ ამ უკანასკნელის ირგვლივ შენიშნეს.

 

ეს მკვლევრებმა ატაკამის უდაბნოში მდებარე, 66 რადიოტელესკოპისგან შემდგარი ინტერფერომეტრის ALMA მეშვეობით დაადგინეს. ხელსაწყოების მიერ მოპოვებული მონაცემების ანალიზის შედეგად, ნაშრომის ავტორებმა დაასკვნეს, რომ ეგზოპლანეტის ორბიტაზე არსებული დისკი სატურნის რგოლებზე 500-ჯერ დიდია და PDS 70c-სგან ერთი ასტრონომიული ერთეული აშორებს. შედარებისთვის, ზუსტად ეს მანძილია დედამიწასა და მზეს შორის. მათი განცხადებით, იქ თავმოყრილი მატერია ჩვენი მთვარის ზომის მქონე სამი ბუნებრივი თანამგზავრის ფორმირებისთვისაა საკმარისი.

ასტრონომებმა იუპიტერის მსგავსი ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს

მეცნიერთა ჰიპოთეზის თანახმად, პლანეტები ახალგაზრდა ვარსკვლავების მახლობლად წარმოქმნისას მტვრის ნაწილაკებს იზიდავენ, უმეტესობას იერთებენ, ხოლო დანარჩენი მათ ირგვლივ გროვდება. მსგავს დისკებში ცალკე ობიექტები ჩნდებიან, რომლებიც ციური სხეულის თანამგზავრებად ყალიბდებიან. ისინი იმედოვნებენ, რომ ახალი აღმოჩენა ამ თეორიის მართებულობის გარკვევაში დაგვეხმარება.

კომენტარები

ბოლო ამბები