Thumbnail

მეცნიერებმა მარსის შიდა სტრუქტურა გამოავლინეს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულ სააგენტოში (NASA), გერმანიის ქალაქ კიოლნის უნივერსიტეტსა და შვეიცარიაში მდებარე ციურიხის ფედერალურ ტექნოლოგიურ ინსტიტუტში მომუშავე მეცნიერებმა კოლეგებთან ერთად მარსის შიდა სტრუქტურა გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაცია გამოცემაში Science გამოქვეყნებულ სამ სხვადასხვა ნაშრომშია წარმოდგენილი.

ვენერას ზედაპირი, შესაძლოა, დედამიწის მსგავსად იყოს დანაწევრებული

მკვლევართა გუნდმა ეს NASA-ს კუთვნილი ლენდერის InSight მიერ წითელ პლანეტაზე შეგროვებული სეისმოლოგიური მონაცემების ანალიზის შედეგად შეძლო. კოსმოსური აპარატი წლების განმავლობაში იქ ასობით მიწისძვრის მომსწრე გახდა, რომელიც მასზე დამონტაჟებულმა ხელსაწყომ, სეისმომეტრმა დააფიქსირა. მარსის შიგნიდან მომავალ სიგნალებზე დაკვირვებამ სპეციალისტებს ჩვენი მეზობელი ციური სხეულის აგებულების, კერძოდ კი მისი გრუნტის ქვეშ არსებული ფენების დეტალურად შესწავლის საშუალება მისცა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი გამოთვლები აქამდე მხოლოდ დედამიწის შემთხვევაში იყო ჩატარებული.

მეცნიერებმა სეისმომეტრის მიერ მოპოვებულ მონაცემებზე დაყრდნობით, მარსის ქერქი, მანტია, ლითოსფერო და ბირთვი გამოიკვლიეს. 

ნაშრომის ავტორთა განცხადებით, მარსს ორ ან სამფენიანი ქერქი აქვს, რომლის ზედა ნაწილიც იქ მიმდინარე ქიმიური პროცესების გამო სახეცვლილი და მეტად ფოროვანია. ეს გარსი 24-დან 72 კილომეტრამდე სისქისაა და რადიოაქტიური ელემენტებითაა მდიდარი, რაც მის გაცხელებას განაპირობებს. ამ უკანასკნელის ქვემოთ მანტიაა განლაგებული, რომელიც დედამიწისგან განსხვავებით, ერთშრიანია. ლითოსფეროს სისქე 400-600 კილომეტრს შორისაა, რის გამოც წითელ პლანეტაზე ტექტონიკურ ფილებს ვერ ვხვდებით. ციური სხეულის ბირთვი თხევადი, ნაკლებად მკვრივი და იმაზე დიდია, ვიდრე აქამდე გვეგონა. გამოთვლების თანახმად, მისი რადიუსი დაახლოებით 1,830 კილომეტრს შეადგენს. იქ ისეთი მსუბუქი ნივთიერებები ჭარბობს, როგორიცაა გოგირდი, ნახშირბადი, ჟანგბადი და წყალბადი.

NASA-ს ლენდერმა მარსზე ორი ძლიერი მიწისძვრა დააფიქსირა

მეცნიერთა თქმით, ახალი მიგნება მარსის ფორმირებისა და განვითარების ეტაპების უკეთ შესწავლაში დაგვეხმარება. ისინი ვარაუდობენ, რომ მის შიგნით კიდევ მრავალი საიდუმლო იმალება, რომლის ამოხსნასაც ასტრონომები უახლოეს მომავალში InSight-ის და სხვა კოსმოსური ხომალდების მეშვეობით შეეცდებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები