Thumbnail

ღრუბლებმა, შესაძლოა, გლობალური დათბობის პროცესი კიდევ უფრო გაამწვავონ

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

დიდ ბრიტანეთში მდებარე ლონდონის იმპერიალ კოლეჯში მომუშავე მეცნიერთა მიერ ამავე ქვეყნის აღმოსავლეთ ანგლიის უნივერსიტეტში მოღვაწე კოლეგებთან ერთად ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ღრუბლებს გლობალური დათბობის პროცესის გამწვავება შეუძლია. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოცემაში PNAS ახლახან გამოქვეყნებულ ნაშრომშია თავმოყრილი.

ბოლო 14 წელში დედამიწა ორმაგი რაოდენობის სითბოს შთანთქავს

დედამიწაზე არსებული კლიმატი ბოლო რამდენიმე ათწლეულია საგრძნობლად იცვლება. ამის ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ჩვენს პლანეტაზე ტემპერატურის საგანგაშო ზრდაა, რაც აქაურ ეკოსისტემას მნიშვნელოვანი საფრთხის წინაშე აყენებს. სპეციალისტთა მიერ შემოთავაზებული პროგნოზები, ძირითადად, ატმოსფეროში მავნე ნივთიერებების ემისიას ეყრდნობა, რადგან ჰაერში მათი მაღალი კონცენტრაცია სიცხეს აუარესებს. ამის მიუხედავად, გლობალურ დათბობაზე კიდევ მრავალმა ფაქტორმა შეიძლება იქონიოს გავლენა. ნაშრომის ავტორთა განცხადებით, სწორედ მათ შორისაა ღრუბლების სხვადასხვა მახასიათებელი, მაგალითად, სიმკვრივე, რაოდენობა და ცაში კონკრეტულ სიმაღლეზე მდებარეობა.

ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ღრუბლებს გლობალური დათბობის პროცესის გამწვავება შეუძლია.

საქმე იმაშია, რომ შედარებით დაბლა განლაგებული ღრუბლები მზის სხივებისთვის ერთგვარ ბარიერს წარმოადგენს და მათ ხმელეთისკენ არ უშვებს. მიწისგან მოშორებით კი ყველაფერი პირიქითაა - ისინი პლანეტის ზედაპირისკენ მიმავალ გამოსხივებას ატარებენ, უკან ასვლისას კი მას შთანთქავენ. ჩამოთვლილი პროცესების ტემპერატურასთან, ტენიანობასთან და ქარის ცირკულაციასთან მიმართების დასადგენად, მკვლევრებმა ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით სატელიტების მიერ მოპოვებული ატმოსფერული მონაცემები შეაჯერეს. მათმა ანალიზმა ცხადყო, რომ 97.5-პროცენტიანი ალბათობით, ღრუბლები მომავალში სულ უფრო ნაკლებ რადიაციას შეაკავებენ და დედამიწაზე სათბურის ეფექტის გაძლიერებას გამოიწვევენ.

გლობალურმა დათბობამ, სავარაუდოდ, შეუქცევადი სახე მიიღო

მეცნიერები, ასევე, შიშობენ, რომ მიმდინარე საუკუნის შუა პერიოდისთვის ჰაერში ნახშირორჟანგის რაოდენობა გაორმაგდება, რის გამოც მთელ მსოფლიოში 3°C-ით დაცხება. ეს იმას ნიშნავს, რომ ვერ შესრულდება პარიზის შეთანხმება, რომელიც საშუალო წლიური ტემპერატურის ზრდის ჯერ 2 °C-მდე, შემდეგ კი 1,5 °C-მდე შეზღუდვას ითვალისწინებს.

კომენტარები

ბოლო ამბები