Thumbnail

ნახეთ: NASA-ს ვერტმფრენი მარსზე რეკორდულ სიმაღლეზე აფრინდა

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) მიერ მარსმავალ Perseverance-თან ერთად წითელ პლანეტაზე გაშვებულმა ვერტმფრენმა ციურ სხეულზე რიგით მე-10 ფრენა შეასრულა. აღსანიშნავია, რომ ამ მისიის განმავლობაში აპარატმა გაცილებით უფრო მაღლა ასვლა შეძლო, რითიც ახალი რეკორდი დაამყარა.

NASA-ს ვერტმფრენმა მარსზე რამდენიმე რეკორდი დაამყარა

NASA-ს წარმომადგენლების განცხადებით, Ingenuity-ის სახელწოდებით ცნობილი ვერტმფრენი მარსზე მდებარე ჯეზეროს კრატერიდან მიმდინარე წლის 24 ივლისს აფრინდა და ციური სხეულის ატმოსფეროში საერთო ჯამში 165.4 წამი დაჰყო. ამ პერიოდის განმავლობაში 1,8 კილოგრამი წონის აპარატმა დაახლოებით 95 მეტრი მანძილი დაფარა და წითელი პლანეტის ზედაპირიდან 12 მეტრ სიმაღლეზე ავიდა, რაც პირველი მსგავსი პრეცედენტი იყო. აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს ინფორმაციით, უკანასკნელი მისიის დროს ვერტმფრენმა ნავიგაციისთვის სივრცის 10 წერტილი გამოიყენა და კლდოვანი რელიეფის მქონე ახალ არეალში გადაინაცვლა. იქ არსებული გეოლოგიური წარმონაქმნები ახლო მომავალში Perseverance-მა უნდა გამოიკვლიოს, თუმცა მანამდე მათი ამსახველი ფოტომასალის მოპოვებას Ingenuity ცდილობს.

 

ვერტმფრენმა, რომლის ღირებულებაც 85 მილიონი აშშ დოლარია, მარსზე პირველი ფრენა 19 აპრილს შეასრულა. ამ დროს Ingenuity ციური სხეულის ატმოსფეროში 3 მეტრ სიმაღლეზე ავიდა და იქ დაახლოებით 40 წამი გაატარა. 25 აპრილს განხორციელებული მეოთხე მისიისას აპარატმა წამში 2 მეტრის დაფარვა შეძლო და სიჩქარის პირველი რეკორდი დაამყარა. 30 აპრილს შესრულებული მეოთხე ფრენისას მან ეს მონაცემი გააუმჯობესა და ჰაერში 3,6 მ/წმ სიჩქარით გადაადგილდებოდა. მე-9 მისიის დროს კი ვერტმფრენმა ერთდროულად 3 რეკორდი დაამყარა - სიჩქარის, მანძილისა და ფრენის ხანგრძლივობის.

თავდაპირველი გეგმის მიხედვით, Ingenuity-ის მარსზე 31 დღის განმავლობაში საერთო ჯამში ხუთი ფრენა უნდა შეესრულებინა, თუმცა, ვინაიდან მან გამოცდა წარმატებით გაიარა, NASA-ში მისიების დამატების გადაწყვეტილება მიიღეს. აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულ სააგენტოში მომუშავე მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ მომავალში მსგავსი საფრენი აპარატები მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვებასა და წითელი პლანეტის უკეთ შესწავლაში დაგვეხმარება.

მოუსმინეთ: ხმა, რომელსაც NASA-ს ვერტმფრენი მარსზე ფრენისას გამოსცემს

NASA-მ Ingenuity მარსმავალ Perseverance-თან ერთად წითელი პლანეტისკენ რაკეტით Atlas V ფლორიდის შტატში მდებარე კანავერალის კონცხიდან 2020 წლის 30 ივლისს გაუშვა. მისიის მიზანი, რომლის განსახორციელებლადაც საერთო ჯამში 2,7 მილიარდი აშშ დოლარი გამოიყო, მარსის გეოლოგიური მახასიათებლების შესწავლა და იქ მდებარე ჯეზეროს კრატერში სიცოცხლის არსებობის დამადასტურებელი ნიშნების მოძიებაა. მეცნიერთა ვარაუდით, რამდენიმე მილიარდი წლის წინ ამ ადგილზე ტბა და მდინარის დელტა იყო. აშშ-ის კოსმოსური სააგენტო მისიის ფარგლებში შეგროვებული ნიმუშების დედამიწაზე ჩამოტანას 2031 წლისთვის გეგმავს, რაც ისტორიაში პირველი მსგავსი შემთხვევა იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები