Thumbnail

NASA იუპიტერის თანამგზავრ ევროპაზე ზონდს SpaceX-ის რაკეტით გაუშვებს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) გადაწყვეტილებით, იუპიტერის ბუნებრივი თანამგზავრის, ევროპის შესასწავლად დაგეგმილი მისიის Europa Clipper ფარგლებში ციური სხეულისკენ ზონდს ილონ მასკის კომპანიის SpaceX რაკეტით Falcon Heavy გაუშვებენ. კოსმოსური ხომალდების უმსხვილესი მწარმოებელი ამისთვის 178 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსებას მიიღებს.

იუპიტერის თანამგზავრ ევროპაზე, შესაძლოა, წყალქვეშა ვულკანები არსებობდეს

მისიის განხორციელება საერთო ჯამში 4.25 მილიარდი აშშ დოლარი დაჯდება. მრავალჯერადი გამოყენების 70-მეტრიანი რაკეტა NASA-ს ორბიტერს დედამიწიდან 2024 წლის ოქტომბრის დასაწყისში გაიყვანს. Falcon Heavy ფლორიდაში განლაგებული კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან აფრინდება და ზონდს იუპიტერისკენ გაგზავნის, რომლამდეც ის 2030 წლის აპრილში მიაღწევს. აპარატი ჩვენი მზის სისტემის უდიდესი პლანეტის თანამგზავრს 4 წლის განმავლობაში 44-ჯერ ჩაუვლის და მას დეტალურად შეისწავლის. შეგახსენებთ, რომ მეცნიერთა ვარაუდით, ევროპის ყინულოვანი ზედაპირის ქვეშ მლაშე წყლით სავსე უზარმაზარი ოკეანე მდებარეობს, რომელშიც, შესაძლოა, სიცოცხლე არსებობდეს. Europa Clipper სწორედ ამის დადგენაში დაგვეხმარება.

ილუსტრაციაზე კოსმოსური ზონდი Europa Clipper არის ნაჩვენები, რომელსაც 2024 წელს იუპიტერის თანამგზავრ ევროპაზე გაუშვებენ. ფოტო: NASA

ევროპაზე მეცნიერული კვლევების ჩასატარებლად NASA-ს ორბიტერი სხვადასხვა დანიშნულების მქონე მრავალი ხელსაწყოთი აღიჭურვება. მათი მეშვეობით ის ობიექტის ზედაპირის ამსახველ მაღალი გარჩევადობის ფოტოსურათებს გადაიღებს, ციური სხეულის შემადგენლობას შეისწავლის და მისი ყინულოვანი ფენის სისქის გამოთვლისთვის საჭირო ინფორმაციას მოიპოვებს. ასევე, შეეცდება გაარკვიოს, ფიქსირდება თუ არა იქ რაიმე სახის გეოლოგიური აქტიურობა, რამდენად არის ყინულქვეშა ოკეანეში ცოცხალი ორგანიზმების არსებობისთვის სათანადო პირობები, რა სიღრმისაა წყლის ეს რეზერვუარი და სხვა.

იუპიტერის მთვარეზე სიცოცხლის ნიშნები ნახევარი მეტრის სიღრმიდან უნდა ვეძიოთ

აშშ-ის კოსმოსური სააგენტო ევროპაზე Europa Clipper-ის გაშვებას თავისივე რაკეტით Space Launch System აპირებდა, რომელიც ჯერ დასრულებული არაა და, შესაძლოა, 2024 წლამდე ვერც მოესწროს. ამის გამო, NASA-მ გეგმები შეცვალა და ზონდის გაგზავნა SpaceX-სს მიანდო, რამაც მისი დანიშნულების ადგილამდე მისვლის დრო გაზარდა, თუმცა ხარჯები შეამცირა. აღსანიშნავია, რომ სამხრეთაფრიკელი წარმოშობის მილიარდერის, ილონ მასკის კომპანიისთვის ეს მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია.

კომენტარები

ბოლო ამბები