Thumbnail

სტოუნჰენჯმა, შესაძლოა, მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსი დაკარგოს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ (UNESCO), შესაძლოა, დიდი ბრიტანეთის უილტშირის საგრაფოში, სოლსბერის დაბლობზე მდებარე პრეისტორიულ მეგალითურ მონუმენტ სტოუნჰენჯს მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსი ჩამოართვას. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ინგლისელი არქიტექტორის აზრით, სტოუნჰენჯის ქვებზე ნეოლითური ტაძარი იდგა

UNESCO-ს წარმომადგენელთა განცხადებით, მათი უკმაყოფილება დიდი ბრიტანეთის ტრანსპორტის მინისტრის, გრანტ შეფსის გადაწყვეტილებამ გამოიწვია. მან, გაფრთხილების მიუხედავად, სტოუნჰენჯის მახლობლად 3.2 კილომეტრი სიგრძის მქონე საავტომობილო გვირაბის გაყვანის პროექტი დაამტკიცა, რომელიც ხელისუფლების დაქვემდებარებაში არსებულ კომპანიას Highways England ეკუთვნის. ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ ახალი შემოვლითი გზის მშენებლობა და ფუნქციონირება არქეოლოგიურ ძეგლს მნიშვნელოვანი საშიშროების წინაშე დააყენებს. მათი თქმით, გაერთიანებული სამეფოს მთავრობა ამ რისკს სათანადოდ ვერ აფასებს, რის გამოც უახლოეს მომავალში მონუმენტის "საფრთხის ქვეშ მყოფთა" სიაში შეტანა განიხილება, ამის შემდეგ კი მას მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსის დაკარგვა ემუქრება.

დიდ ბრიტანეთში მდებარე მეგალითური მონუმენტი, სტოუნჰენჯი. ფოტო: Getty Images

როგორც ცნობილია, სტოუნჰენჯის მიმდებარედ გვირაბის გაყვანა სახელმწიფოს 1.7 მილიარდი გირვანქა სტერლინგი დაუჯდება. მისი მშენებლობა 2023 წელს დაიწყება და 5 წელში დასრულდება. პროექტის მიზანი უილტშირის საგრაფოს ტერიტორიაზე გამავალ ავტომაგისტრალზე მოძრაობის განტვირთვაა. ამ გზაზე ყოველდღიურად ათასობით ავტომობილი გადაადგილდება, რის გამოც ის საგრძნობლადაა გადატვირთული. დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებაში იმედოვნებენ, რომ ახალი გვირაბი ამ პრობლემის მოგვარებაში, კერძოდ კი საცობების თავიდან აცილებასა და სამგზავრო დროის შემცირებაში დაეხმარებათ.

მეცნიერებმა სტოუნჰენჯის შემადგენელი ქვების წარმომავლობა დაადგინეს

აღსანიშნავია, რომ UNESCO-მ ახლახან მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან ინგლისის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე საპორტო ქალაქი ლივერპული ამოიღო. ბოლო 50 წელში ეს პირველი მსგავსი შემთხვევა იყო. ამის მიზეზი სანაპიროზე განლაგებული ვიქტორიანული ეპოქის ნავსადგურების მახლობლად ახალი შენობების, მათ შორის საფეხბურთო კლუბ ევერტონის სტადიონის განთავსება გახდა, რამაც ქალაქის იერსახე დაამახინჯა.

კომენტარები

ბოლო ამბები