Thumbnail

დედამიწას დიდი ზომის ასტეროიდმა ჩაუარა

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) გამოთვლების თანახმად, მიმდინარე წლის 25 ივლისს დედამიწას დაახლოებით გიზის დიდი პირამიდის ზომის მქონე ასტეროიდმა ჩაუარა.

2068 წელს დედამიწას, შესაძლოა, დიდი ზომის ასტეროიდი შეეჯახოს

NASA-ს ინფორმაციით, ასტეროიდმა, ოფიციალური სახელწოდებით 2008 GO20, ჩვენგან 4.5 მილიონი კილომეტრის მოშორებით ჩაიარა, რა დროსაც საათში 29,000 კილომეტრი სიჩქარით გადაადგილდებოდა. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მისი გარშემოწერილობა 97-დან 220 მეტრამდეა. ამგვარი მახასიათებლები მას დედამიწასთან ახლომდებარე ობიექტად (NEO) და პოტენციურად საშიშ ასტეროიდად (PHA) აქცევს. სააგენტოს მიერ დადგენილი კრიტერიუმებით, ამ უკანასკნელ კატეგორიაში ერთიანდება ყველა ის ასტრონომიული სხეული, რომლის გარშემოწერილობა 140 მეტრს აღემატება და რომლის ორბიტაც ჩვენი პლანეტის ორბიტასთან 7,5 მილიონ კილომეტრზე ნაკლები მანძილით იკვეთება.

ასტეროიდმა, ოფიციალური სახელწოდებით 2008 GO20, დედამიწისგან 4.5 მილიონი კილომეტრის მოშორებით ჩაიარა.

ამ ყველაფრის მიუხედავად, 2008 GO20 ჩვენთვის ზიანის მომტანი არაა. თუმცა, მეცნიერები მზის სისტემის განვითარების ადრეულ ეტაპზე წარმოქმნილ მსგავს ობიექტებს მუდმივად აკვირდებიან, რათა მათი ორბიტის ცვლილებით გამოწვეული მოსალოდნელი საფრთხე წინასწარ შეაფასონ. საქმე იმაშია, რომ ასტეროიდის ტრაექტორიაზე, შესაძლოა, გზად შემხვედრი პლანეტების მიზიდულობის ძალამ იმოქმედოს. თუ ეს ასე მოხდება, ის სულ სხვაგვარი მიმართულებით დაიწყებს მოძრაობას და არაა გამორიცხული, რომ ამის შედეგად მომავალში დედამიწას შეეჯახოს კიდეც.

მეცნიერებმა დედამიწისთვის საშიში 11 ასტეროიდი გამოავლინეს

აღსანიშნავია, რომ 2008 GO20 ჩვენს პლანეტასთან ყველაზე ახლოს 1901 წლის 4 აგვისტოს მოვიდა, როცა 1.3 მილიონი კილომეტრის მოშორებით ჩაიარა. მომდევნო მსგავსი შემთხვევა 1935 წლის 31 ივლისს დაფიქსირდა. მაშინ ეს დისტანცია 1.85 მილიონ კილომეტრს შეადგენდა. მისი შემდეგი ვიზიტი 2034 წლის 24 ივლისს შედგება. ამ დროს ობიექტი 5 მილიონ კილომეტრ მანძილზე მოგვიახლოვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები