Thumbnail

ნახეთ: იუპიტერის თანამგზავრ განიმედეს ატმოსფეროში წყლის ორთქლი აღმოაჩინეს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

შვედეთის სამეფო ტექნოლოგიურ ინსტიტუტში, აშშ-ში მდებარე სამხრეთ-დასავლურ ინსტიტუტსა და გერმანიის კიოლნის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა კოლეგებთან ერთად პლანეტა იუპიტერის ბუნებრივ თანამგზავრ განიმედეს ატმოსფეროში წყლის ორთქლი აღმოაჩინეს. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოცემაში Nature Astronomy ახლახან გამოქვეყნებულ ნაშრომშია წარმოდგენილი.

ნახეთ: კოსმოსურ ხომალდ "ჯუნოს" მიერ გადაღებული იუპიტერი და განიმედე

განიმედე ჩვენს მზის სისტემაში შემავალი პლანეტების თანამგზავრებს შორის უდიდესია და ზომით მერკურისაც კი აღემატება. ის სილიკატის მინერალებისა და წყლის ყინულისგან შედგება, რომელიც ციური სხეულის სიღრმეში მდებარე ოკეანეს ფარავს. სპეციალისტები დიდი ხნის განმავლობაში ვარაუდობდნენ, რომ მისი ყინულოვანი ზედაპირი თხევად აგრეგატულ მდგომარეობაში არ გადადის და პირდაპირ აირად იქცევა, რომელიც ობიექტის თხელ ატმოსფეროს უერთდება. მკვლევრებმა სწორედ ამის მტკიცებულება მოიპოვეს, რაც მათ NASA-ს მიერ დედამიწის ორბიტაზე გაშვებული ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის მიერ შეგროვებული ფოტომასალის შესწავლის გზით შეძლეს.

 

ტელესკოპმა განიმედეს პირველი ულტრაიისფერი სურათები 1998 წელს გადაიღო. მათ შორის იყო იუპიტერის თანამგზავრზე წარმოქმნილი პოლარული ციალის მსგავსი ნათებები - დამუხტული აირის ფერადი ზოლები, რომელთა სპექტრული სიგნალიც იქ მოლეკულური ჟანგბადის (O2) არსებობაზე მიუთითებდა. თუმცა, ზოგიერთი მათგანი დანარჩენისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა, რაც მაშინ მეცნიერებმა ატმოსფეროში ატომური ჟანგბადის (O) მაღალი კონცენტრაციით ახსნეს. ამის გადასამოწმებლად, ნაშრომის ავტორებმა ხელსაწყოს მიერ 2 დეკადის განმავლობაში დაფიქსირებული კადრები გააანალიზეს. შედეგად, მათ ციურ სხეულზე ამ ქიმიური ელემენტის ცალკეული ატომები ვერ აღმოაჩინეს. ეს იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული სხვაობა სხვა მიზეზით იყო განპირობებული.

ნახეთ: იუპიტერის მთვარის ჩრდილოეთ პოლუსი, სადაც პლაზმის წვიმა მოდის

ამის დასადგენად, ასტრონომებმა ყურადღება განიმედეზე არსებულ ტემპერატურაზე გაამახვილეს, რომელიც ღამით იკლებს, ხოლო შუადღეს, ეკვატორის მახლობლად საგრძნობლად იმატებს. მათი აზრით, ეს ცხელ წერტილებში ყინულის აორთქლებას უწყობს ხელს, გამოთავისუფლებული აირი კი კონკრეტულ რეგიონებში სხვაგვარ ულტრაიისფერ სიგნალს წარმოქმნის. მკვლევართა განცხადებით, უკანასკნელი მიგნება ყინულოვანი პლანეტების უკეთ შესწავლაში დაგვეხმარება და თავად ამ თანამგზავრის შესახებ მეტის გაგების შესაძლებლობას მოგვცემს. ისინი ამ მხრივ იმედს ევროპული კოსმოსური სააგენტოს ზონდზე JUICE ამყარებენ, რომლის გაშვებაც 2022 წელს იგეგმება.

კომენტარები

ბოლო ამბები