Thumbnail

ნახეთ: ჩინეთის ქალაქ დუნხუანს ქვიშის ქარიშხალმა გადაუარა

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე განსუს პროვინციის ქალაქ დუნხუანს მიმდინარე წლის 25 ივლისს ქვიშის ქარიშხალმა გადაუარა. მომხდარის გადაღება ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა შეძლეს. მათ მიერ სოციალურ ქსელ ტვიტერზე გამოქვეყნებულ ვიდეოებში კარგად ჩანს, როგორ უახლოვდება შენობებს სქელი ბურუსი, რომელმაც იქაურობა ნარინჯისფრად შეღება.

ნახეთ: პეკინს ქვიშის ქარიშხალმა გადაუარა

დუნხუანში, რომლის ტერიტორიაზეც ძველად აბრეშუმის დიდი გზა გადიოდა, ქვიშის შტორმი ადგილობრივი დროით შუადღის 3 საათზე გამოჩნდა. თვითმხილველთა განცხადებით, მან დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში თითქმის მთელ ქალაქს გადაუარა და ისე ჩააბნელა, რომ მზის დანახვა შეუძლებელი იყო. მედიის ინფორმაციით, ქვიშის უზარმაზარი კედლის სიმაღლე 100 მეტრს აღემატებოდა. ის აღმოსავლეთ აზიაში განლაგებული გობის უდაბნოდან გავრცელდა, რომელიც განსუს პროვინციასთან საკმაოდ ახლოს მდებარეობს.

 

მომხდარის გამო ჩინეთის ხელისუფლებამ მე-2 დონის განგაში გამოაცხადა და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა. ქვიშის ქარიშხალმა ხილვადობა საგრძნობლად გააუარესა. შედეგად, ზოგ ადგილას 5 მეტრის მოშორებითაც კი არაფერი ჩანდა. როგორც ცნობილია, დუნხუანში შექმნილმა არახელსაყრელმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა გზებზე ავტომობილების გადაადგილება შეაფერხა. ავარიების თავიდან აცილების მიზნით, პოლიციამ მანქანებისთვის განკუთვნილი სავალი ნაწილის ზოგიერთი მონაკვეთი გადაკეტა.

ნახეთ: საჰარის უდაბნოს ქვიშამ ალპების სათხილამურო კურორტები დაფარა

აღსანიშნავია, რომ ამგვარი შტორმები ჩინეთისთვის უცხო არაა, თუმცა ეს ძირითადად მარტიდან აპრილამდე პერიოდში ხდება, ზაფხულში კი იშვიათობას წარმოადგენს. ქვეყანაში ბოლო დროს გახშირებული ქვიშის ქარიშხლების მიზეზად სპეციალისტები გაუტყეურებას და ნიადაგის ეროზიას ასახელებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები