Thumbnail

ნახეთ: შრი ლანკაში აღმოჩენილი მსოფლიოში უდიდესი ვარსკვლავისებური საფირონი

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

შრი ლანკაში მდებარე საბარაგამუვის პროვინციის ქალაქ რატნაპურას ერთ-ერთი მაცხოვრებლის სახლის უკანა ეზოში აღმოჩენილი ვარსკვლავისებური საფირონი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ნაპოვნ მსგავს ძვირფას ქვებს შორის უდიდესია. მედიის ცნობით, ის 2.5 მილიონ კარატს იწონის, რაც 510 კილოგრამის ექვივალენტურია, მისი ღირებულება კი საერთაშორისო ბაზარზე 100 მილიონ აშშ დოლარს უტოლდება.

ნახეთ: ტაილანდელმა ქალმა უიშვიათესი ნარინჯისფერი მარგალიტი აღმოაჩინა

"იღბლიან საფირონს" რატნაპურაში მცხოვრები მამაკაცის, სახელად გამაგის ბაღში მუშამ სრულიად შემთხვევით მაშინ მიაკვლია, როცა ჭას თხრიდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უზარმაზარი ქვის სიგრძე 100 სანტიმეტრს, სიგანე 72 სანტიმეტრს, სიმაღლე კი 50 სანტიმეტრს შეადგენს. ის კორუნდის სახეობის მინერალებს, საფირონებს აერთიანებს, რომლებიც ერთმანეთთან ტალახისა და თიხის მეშვეობით არიან შეზრდილები. ეს სპეციალისტებმა ნიმუშის დეტალური შესწავლის გზით დაადგინეს.

შრი ლანკაში აღმოჩენილი ვარსკვლავისებური საფირონი. ფოტო Getty Images

ექსპერტები მას 1 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იკვლევდნენ. ძვირფას ქვას გასუფთავების პროცესში რამდენიმე ნაწილი ჩამოტყდა, რომელთა ანალიზმაც ცხადყო, რომ საქმე ნამდვილად უმაღლესი ხარისხის საფირონთან ჰქონდათ. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ის დაახლოებით 400 მილიონი წლის წინ წარმოიქმნა. ღია ცისფერი შეფერილობის მქონე ამ მინერალს ვარსკვლავისებურად მოიხსენიებენ, რადგან სინათლის არეკვლისას მასზე სწორედ ვარსკვლავის ფორმა ისახება, რასაც ასტერიზმი ეწოდება.

ნახეთ: ბოტსვანაში 1,174-კარატიანი ალმასი აღმოაჩინეს

აღსანიშნავია, რომ შრი ლანკის ეს რეგიონი ძვირფასი ქვებით მდიდარია, ამიტომ იქ მათი აღმოჩენა იშვიათობას არ წარმოადგენს. ამის მიუხედავად, უკანასკნელი შემთხვევა გამორჩეულია, რაც ნიმუშის ზომითაა განპირობებული. მისი მფლობელი იმედოვნებს, რომ საფირონს მყიდველი უახლოეს მომავალში გამოუჩნდება.

კომენტარები

ბოლო ამბები