Thumbnail

ასტრონომებმა შავი ხვრელის უკნიდან მომავალი სინათლე დააფიქსირეს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე სტენფორდისა და პენსილვანიის უნივერსიტეტებში მომუშავე მეცნიერებმა კანადელ და ნიდერლანდელ კოლეგებთან ერთად ზემასიური შავი ხვრელის უკანა მხრიდან მომავალი სინათლე დააფიქსირეს. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი მსგავსი პრეცედენტია. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოცემაში Nature ახლახან გამოქვეყნებულ ნაშრომშია თავმოყრილი.

ნახეთ: ასტრონომებმა ზემასიური შავი ხვრელის მძლავრი გამოსხივება დააფიქსირეს

შავი ხვრელები ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ კოსმოსურ ობიექტებად მიიჩნევა, რაც მათი განსხვავებული მახასიათებლებითაა განპირობებული. ისინი გარემომცველ მატერიას იმგვარად შთანთქავენ, რომ უკან აღარაფერი ბრუნდება. მათ სინათლეც კი ვერ აღწევს თავს. ამის მიუხედავად, ფიზიკოსმა ალბერტ აინშტაინმა ფარდობითობის ზოგად თეორიაში წამოაყენა ჰიპოთეზა, რომლის თანახმადაც, შავი ხვრელების უმძლავრესი გრავიტაციული და მაგნიტური ველები სივრცის, ასევე, სხივების გამრუდებას იწვევენ. მსგავსმა პროცესებმა, შესაძლოა, მათ მიღმა არსებული სინათლის არეკვლას შეუწყოს ხელი, რაც მისი დანახვის საშუალებას გვაძლევს. მეცნიერთა უკანასკნელი მიგნება სწორედ ამის დასტურს წარმოადგენს.

ასტრონომებმა ზემასიური შავი ხვრელის უკანა მხრიდან მომავალი სინათლე დააფიქსირეს.

სპეციალისტები დედამიწისგან 800 მილიონი სინათლის წლით დაშორებული, I Zwicky 1-ის სახელით ცნობილი გალაქტიკის ცენტრში განლაგებული ზემასიური შავი ხვრელის I Zw 1* გარშემო ფორმირებულ გვირგვინს იკვლევდნენ. ის ობიექტის მიერ აირის შთანთქმისას წარმოიქმნება, რომელიც მაღალ ტემპერატურაზე ცხელდება. ამ დროს ატომებისგან ელექტრონები ცალკევდება და პლაზმად იქცევა, რომელიც მაგნიტურ ველთან ურთიერთქმედებს და მძლავრ რენტგენულ გამოსხივებას გამოყოფს. ეს უკანასკნელი ასტრონომებმა კოსმოსური ტელესკოპების NuSTAR და XMM-Newton მეშვეობით დააფიქსირეს, თუმცა მალევე დამატებითი, შედარებით სუსტი სხივებიც შენიშნეს. ეს შავი ხვრელის უკნიდან მომავალი სინათლის ანარეკლი იყო.

ასტრონომებმა ჩვენს გალაქტიკაში 100-ზე მეტი შავი ხვრელი აღმოაჩინეს

მკვლევართა განცხადებით, მათი აღმოჩენა შავი ხვრელებისა და მათი გვირგვინების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებაში დაგვეხმარება. ისინი ამ მხრივ იმედს ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) ობსერვატორიაზე Athena ამყარებენ, რომლის კოსმოსში გაშვებაც 2031 წელს იგეგმება.

კომენტარები

ბოლო ამბები