Thumbnail

ნახეთ: კურეგსის ველური ბუნების პარკში ორი წითელი პანდა დაიბადა

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ირლანდიის ზღვაში განლაგებულ კუნძულ მენზე, ბარეფის ოლქში მდებარე კურეგსის ველური ბუნების პარკში გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი წითელი პანდას სახეობის ორი ახალი წარმომადგენელი დაიბადა. ამის შესახებ დაწესებულება სოციალურ ქსელ ფეისბუქზე ახლახან გამოქვეყნებულ პოსტში იტყობინება.

ნახეთ: ტოკიოს ზოოპარკში გიგანტურმა პანდამ ტყუპები გააჩინა

გაერთიანებული სამეფოს გვირგვინის მიწად წოდებულ კუნძულზე არსებული პარკის თანამშრომლების განცხადებით, წითელი პანდები სამყაროს მიმდინარე წლის სამ ივლისს მოევლინენ და თითქმის ოთხი კვირის არიან. ისინი დაწესებულების ტერიტორიაზე მობინადრე ძუძუმწოვარმა, სახელად სარამ გააჩინა, რომელსაც სხეულში ჩასახვის საწინააღმდეგო იმპლანტი ჰქონდა ჩადგმული. ამის მიუხედავად, ცხოველის ორგანიზმმა მამრთან, კუშთან შეჯვარების შემდეგ განაყოფიერება მაინც შეძლო, რის შედეგადაც მათი ნაშიერები დაიბადნენ.

ახალდაბადებული პანდები

ფოტო: Curraghs Wildlife Park

ახალდაბადებული პანდები

ფოტო: Curraghs Wildlife Park

 

აღსანიშნავია, რომ კურეგსის ველური ბუნების პარკში ამჟამად სამი ზრდასრული წითელი პანდა იმყოფება. მათგან ორი ჩვილების დედ-მამაა. ისინი ერთმანეთთან გასულ წელსაც შეჯვარდნენ. სარამ მაშინაც ტყუპები გააჩინა, თუმცა ერთ-ერთი დაავადდა, რის გამოც მისი დაძინების გადაწყვეტილება მიიღეს. როგორც ცნობილია, გადარჩენილ ცხოველს, რომელსაც მალე ერთი წელი შეუსრულდება, უახლოეს მომავალში დიდი ბრიტანეთის ქალაქ ბირმინგემში მდებარე სპეციალურ თავშესაფარში გადაიყვანენ. მედიის ინფორმაციით, იგივე მოელით ახალშობილებსაც.

ნახეთ: დისნეის პარკში 1 დღის ინტერვალით გორილა და ბეჰემოთი დაიბადა

წითელი პანდას სახეობა ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირმა წითელ წიგნში 2008 წელს შეიყვანა. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ უკანასკნელ 50 წელიწადში მათი რიცხვი 40 პროცენტით შემცირდა. ეს მეტწილად საცხოვრებელი არეალის დაკარგვამ, ბრაკონიერთა ნადირობამ და ახლონათესაურმა გამრავლებამ გამოიწვია.

კომენტარები

ბოლო ამბები