Thumbnail

ნახეთ: სპეციალისტებმა იუპიტერის მთვარის ინფრაწითელი რუკა შექმნეს

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულ სააგენტოში (NASA) მომუშავე სპეციალისტებმა იუპიტერის ბუნებრივი თანამგზავრის, განიმედეს ინფრაწითელი რუკა შექმნეს. ამის შესახებ ინფორმაცია ვიზუალურ მასალასთან ერთად ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

► ნახეთ: კოსმოსურ ხომალდ "ჯუნოს" მიერ გადაღებული იუპიტერი და განიმედე

მეცნიერებმა იუპიტერისა და ჩვენი მზის სისტემის უდიდესი მთვარის ინფრაწითელი რუკის შესადგენად NASA-ს კუთვნილი კოსმოსური ხომალდის, "ჯუნოს" მიერ გადაღებული ფოტოები გამოიყენეს. აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს წარმომადგენლების განცხადებით, ეს სურათები აპარატზე დამონტაჟებულმა ხელსაწყომ Jovian InfraRed Auroral Mapper (JIRAM), რომელიც კამერასა და სპექტრომეტრს აერთიანებს, ციურ სხეულთან გასული სამი მიახლოების დროს დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ ადამიანის თვალისთვის უხილავი ინფრაწითელი სინათლის აღქმის უნარის მქონე მოწყობილობის მიერ მოპოვებული მასალა განიმედეს ყინულოვანი გარსისა და მთვარის ზედაპირის ქვეშ არსებული თხევადი წყლის ოკეანის შესახებ ახალ ინფორმაციას გვაწვდის.

იუპიტერის მთვარე განიმედეს ინფრაწითელი რუკა

ფოტო: NASA

იუპიტერის მთვარე განიმედეს ინფრაწითელი გამოსახულება

ფოტო: NASA

"ჯუნო" განიმედეს უკანასკნელად მიმდინარე წლის 20 ივლისს, დაახლოებით 50 ათასი კილომეტრის დისტანციაზე მიუახლოვდა. მანამდე, 7 ივნისს, NASA-ს ხომალდი იუპიტერის უდიდეს ბუნებრივ თანამგზავრთან რეკორდულად ახლო, ათასი კილომეტრის მანძილზე მივიდა. 2019 წლის 26 დეკემბერს კი აპარატმა მთვარეს 100 ათასი კილომეტრის მოშორებით ჩაუარა. ციურ სხეულთან ამ სამი მიახლოების დროს ხელსაწყო JIRAM განიმედეს ჩრდილოეთ პოლარულ რეგიონს დააკვირდა, ასევე, მთვარის დაბალი და მაღალი განედები ერთმანეთს შეადარა.

აღმოჩნდა, რომ განიმედეს მაღალ განედებში წყლის ყინული დომინირებს, რომელიც იქ მარცვლის ზომის კრისტალების სახით არის წარმოდგენილი. სპეციალისტების განცხადებით, ამის მიზეზი იუპიტერის გიგანტურ მაგნიტოსფეროში არსებული პლაზმა და იქიდან მომავალი დამუხტული ნაწილაკებია, რომლებიც მთვარის პოლუსებამდე აღწევენ და ყინულზე ზემოქმედებენ. რაც შეეხება განიმედეს დაბალ განედებს, რომლებიც ციური სხეულის მაგნიტური ველით არის დაფარული, ამ ადგილებში მარილები და სხვა ისეთი ორგანული ნივთიერებები ჭარბობს, რომელთაც წყლის ყინული არ შეიცავს.

► იუპიტერის მთვარეზე სიცოცხლის ნიშნები ნახევარი მეტრის სიღრმიდან უნდა ვეძიოთ

აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულმა სააგენტომ "ჯუნო" იუპიტერისკენ რაკეტით Atlas V 551 ფლორიდაში მდებარე კანავერალის კონცხიდან 2011 წლის 5 აგვისტოს გაუშვა. კოსმოსურმა აპარატმა ციური სხეულის ორბიტას 2016 წელს მიაღწია. ზონდის მთავარი ამოცანა იუპიტერსა და მის ბუნებრივ თანამგზავრებზე დაკვირვება და მათთვის ფოტოსურათების გადაღებაა. როგორც ცნობილია, ის აღნიშნულ მისიას 2025 წლამდე შეასრულებს.

კომენტარები

ბოლო ამბები