Thumbnail

ნახეთ: Samsung-მა დასაკეცი სმარტფონები და სხვა მოწყობილობები წარადგინა

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

სამხრეთკორეულმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ Samsung საზოგადოებას 11 აგვისტოს გამართულ ონლაინ ღონისძიებაზე ახალი მოწყობილობები წარუდგინა. მათ შორისაა, Galaxy Z სერიის დასაკეცი სმარტფონები, Z Flip 3 და Z Fold 3, საათები - Galaxy Watch 4 და Watch 4 Classic, ასევე, უსადენო ყურსასმენები Galaxy Buds 2.

► ნახეთ: Google ახალ სმარტფონებს Pixel 6 და Pixel 6 Pro გამოუშვებს

Galaxy Z Flip 3-ის გარეთა Super AMOLED ეკრანის ზომა 1,9 დუიმი, შიდა, მოქნილი FHD+ AMOLED დისპლეის ზომა კი 6,7 დუიმია. სმარტფონი ოპერაციულ სისტემაზე Android 11 მუშაობს, ამერიკული კორპორაცია Qualcomm-ის მიერ დამზადებული მძლავრი პროცესორით Snapdragon 888 არის აღჭურვილი და 5G მხარდაჭერით სარგებლობს. მისი ოპერატიული მეხსიერება 8GB-ს, შიდა მეხსიერება 128 ან 256GB-ს, ელემენტის ტევადობა კი 3,300 mAh-ს შეადგენს. მობილურ მოწყობილობას ორი 12-მეგაპიქსელიანი კამერა და 10-მეგაპიქსელიანი სელფის კამერა აქვს.

ახალი დასაკეცი სმარტფონი Galaxy Z Flip 3. ფოტო: Samsung

Galaxy Z Fold 3-ის გარეთა HD+ Dynamic AMOLED ეკრანის ზომა 6,2 დუიმი, მთლიანი QXGA+ Dynamic AMOLED დისპლეის ზომა კი 7,6 დუიმია. ორივე ნაწილის ზედაპირი ერთმანეთთან მაქსიმალურად მჭიდროდ არის განლაგებული და თვალშისაცემი ჭრილის ნაცვლად ნაკეცის ადგილზე მხოლოდ მცირე ზომის ჩაღრმავება შეინიშნება. სმარტფონი ოპერაციულ სისტემაზე Android 10 მუშაობს, პროცესორით Snapdragon 888 არის აღჭურვილი და 5G მხარდაჭერით სარგებლობს. მისი ოპერატიული მეხსიერება 12GB-ს, შიდა მეხსიერება 256 ან 512GB-ს, ელემენტის ტევადობა კი 4,400 mAh-ს შეადგენს. ახალი მოდელის უკანა კორპუსზე სამი 12-მეგაპიქსელიანი კამერაა განლაგებული. მის გარეთა ეკრანზე 10-მეგაპიქსელიანი სელფის კამერა, შიდა ეკრანის მიღმა კი 4-მეგაპიქსელიანი კამერაა განთავსებული.

ახალი დასაკეცი სმარტფონი Galaxy Z Fold 3. ფოტო: Samsung

Galaxy Watch 4 -ის საბაზისო მოდელს 1,4-დუიმიანი Super AMOLED ეკრანი აქვს და 30 გრამს იწონის. მისი სისქე 9,8 მილიმეტრს შეადგენს. მოწყობილობის ოპერატიული მეხსიერება 1,5GB, შიდა მეხსიერება 16GB, ელემენტის ტევადობა კი 361 mAh-ია. რაც შეეხება Galaxy Watch 4 Classic-ს, წინამორბედის მსგავსად მისი Super AMOLED ეკრანის ზომაც 1,4 დუიმია. მოდელი 52 გრამს იწონის, მისი სისქე კი 11 მილიმეტრს შეადგენს. მოწყობილობის ოპერატიული მეხსიერება 1,5GB, შიდა მეხსიერება 16GB, ელემენტის ტევადობა კი 361 mAh-ია. როგორც ცნობილია, მომხმარებლებისთვის Galaxy Watch 4-ის შავი, მწვანე და ვერცხლისფერი, Galaxy Watch 4 Classic-ის შავი და ვერცხლისფერი საბაზისო მოდელები იქნება ხელმისაწვდომი.

ახალი საათები - Galaxy Watch 4 და Watch 4 Classic. ფოტო: Samsung

Samsung-მა ონლაინ ღონისძიებაზე, ასევე, უსადენო ყურსასმენები Galaxy Buds 2 წარადგინა. მისი წონა 5 გრამს შეადგენს, დამტენი კი 41,2 გრამს იწონის. ყურსასმენების ზომა 17.0 x 20.9 x 21.1 მილიმეტრია. Galaxy Buds 2 მუსიკის მოსმენის შემთხვევაში 5 საათის, საუბრის რეჟიმში კი 3,5 საათის განმავლობაში ძლებს. კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, მომხმარებლებისთვის მისი შავი, თეთრი, ღია იისფერი და ზეთისხილისფერი მოდელები იქნება ხელმისაწვდომი.

ახალი უსადენო ყურსასმენები Galaxy Buds 2. ფოტო: Samsung

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Samsung-ის ახალი მოწყობილობების გაყიდვა 27 აგვისტოდან დაიწყება. Galaxy Z Flip 3-ის შეძენას მსურველები 1,000 აშშ დოლარიდან შეძლებენ, Galaxy Z Fold 3 კი მომხმარებლებისთვის 1,800 აშშ დოლარიდან იქნება ხელმისაწვდომი. Galaxy Watch 4-ის საბაზისო მოდელის ფასი 249 აშშ დოლარით არის განსაზღვრული, Galaxy Watch 4 Classic კი 349 აშშ დოლარი ეღირება. რაც შეეხება უსადენო ყურსასმენებს Galaxy Buds 2, ის 150 აშშ დოლარად გაიყიდება.

კომენტარები

ბოლო ამბები