Thumbnail

NASA-მ ასტეროიდ ბენუს დედამიწასთან შეჯახების ალბათობა და თარიღი გამოთვალა

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულ სააგენტოში (NASA) მომუშავე სპეციალისტებმა დაახლოებით 500 მეტრი დიამეტრის მქონე ასტეროიდ ბენუს დედამიწასთან შეჯახების ალბათობა და თარიღი გამოთვალეს. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია სამეცნიერო გამოცემაში Icarus ახლახან გამოქვეყნებულ ნაშრომშია თავმოყრილი.

► ნახეთ: ვირტუალური ტური ასტეროიდ ბენუზე

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, NASA-ში მომუშავე ასტრონომებმა კვლევის დროს 2016 წლის 8 სექტემბერს ბენუს შესასწავლად გაშვებული კოსმოსური ხომალდის OSIRIS-REx მიერ შეგროვებული მასალა გამოიყენეს. აღსანიშნავია, რომ აპარატმა ასტეროიდის სიახლოვეს ორი წელი გაატარა, რა დროსაც მან ობიექტის შესახებ სხვადასხვა ცნობები მოიპოვა. მათ შორის, ციური სხეულის ზომა, ფორმა, მასა და შემადგენლობა განსაზღვრა. ამის გარდა, ხომალდთან ერთად გაშვებულმა ლენდერმა ბენუს ზედაპირზე დაჯდომა და იქ სამეცნიერო კვლევებისთვის საჭირო ნიმუშების შეგროვება შეძლო, რომელსაც OSIRIS-REx დედამიწაზე 2023 წელს ჩამოიტანს.

ასტეროიდი ბენუ. ფოტო: NASA

NASA-ს წარმომადგენლებმა ბენუს დედამიწასთან შეჯახების ალბათობისა და თარიღის გამოსათვლელად კომპიუტერული მოდელები შექმნეს. სპეციალისტების ინფორმაციით, ასტეროიდი 2135 წელს ჩვენს პლანეტასთან საკმაოდ ახლოს ჩაივლის, რის შემდეგაც ისინი შეძლებენ განსაზღვრონ, თუ როგორ იმოქმედებს დედამიწის გრავიტაცია ციური სხეულის ორბიტის ცვლილებაზე. მეცნიერების განცხადებით, ბენუ დედამიწას, შესაძლოა, 2182 წლის 24 სექტემბერს შეეჯახოს. მათი გამოთვლებით, ამის ალბათობა 0,037 პროცენტს შეადგენს. მკვლევართა თქმით, არ არის გამორიცხული, რომ ეს მოვლენა 2300 წელს მოხდეს, რის შანსებსაც ისინი 0,057 პროცენტით აფასებენ. ასტრონომები ვარაუდობენ, რომ ბენუს დედამიწასთან შეჯახების შემთხვევაში პლანეტაზე სიცოცხლე მთლიანად არ განადგურდება. მათი განმარტებით, ასტეროიდი ციური სხეულის ზედაპირზე 5-დან 10 კილომეტრამდე დიამეტრის მქონე კრატერს წარმოქმნის.

► მეცნიერებმა დედამიწისთვის საშიში 11 ასტეროიდი გამოავლინეს

აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტო მუდმივად ეძებს და იკვლევს ჩვენი პლანეტისთვის პოტენციურად საშიშ ასტეროიდებს. მიმდინარე წელს NASA შედარებით მცირე ზომის ასეთი ობიექტისთვის მოძრაობის მიმართულების შეცვლას კოსმოსური ხომალდის DART დახმარებით შეეცდება, რომელსაც ორბიტაზე მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის მიერ შექმნილი რაკეტა Falcon 9 გაიყვანს. ამ მისიის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, მსგავსი მეთოდი, შესაძლოა, მომავალში სახიფათო ასტეროიდებთან შეჯახების თავიდან აცილებში დაგვეხმაროს.

კომენტარები

ბოლო ამბები