Thumbnail

ნახეთ: ხომალდმა Solar Orbiter ვენერას ზედაპირზე არეკლილი მზის სინათლე დააფიქსირა

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოსა (NASA) და ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) ერთობლივი მისიის ფარგლებში ჩვენი მნათობის შესასწავლად გაშვებულმა ზონდმა, სახელწოდებით Solar Orbiter ვენერას ზედაპირზე არეკლილი მზის სინათლე დააფიქსირა. აღნიშნული მოვლენის ამსახველი ვიდეო ამ ორგანიზაციების ოფიციალურ ვებგვერდებზე გამოქვეყნდა.

► კოსმოსურმა ხომალდმა BepiColombo ვენერას ფონზე ახალი სელფი გადაიღო

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფოტოები, რომლებიც სპეციალისტებმა მოკლემეტრაჟიანი ვიდეოს ასაწყობად გამოიყენეს, კოსმოსურ აპარატზე დამონტაჟებულმა ხელსაწყომ SoloHI მიმდინარე წლის 7 და 8 აგვისტოს, ვენერასთან მიახლოების პარალელურად გადაიღო. მომდევნო დღეს კი Solar Orbiter-მა პლანეტას დაახლოებით 8 ათასი კილომეტრის დისტანციაზე ჩაუფრინა. შთამბეჭდავ კადრებში ვენერას ჩაბნელებული, ასევე, მზით განათებული მხარეა ნაჩვენები, რომელსაც სურათებზე კაშკაშა რკალის ფორმა აქვს. ამის გარდა, ვიდეოში ციური სხეულის მარჯვნივ კუროს თანავარსკვლავედში განლაგებული ორი მნათობი, Omicron Tauri და Xi Tauri მოჩანს.

Solar Orbiter-ის მიერ გადაღებული კადრები, რომლებშიც ვენერას ზედაპირზე არეკლილი მზის სინათლეა ნაჩვენები. წყარო: NASA/ESA

აღსანიშნავაი, რომ Solar Orbiter-ის შემდეგ, 10 აგვისტოს ვენერას ევროპისა და იაპონიის კოსმოსური სააგენტოების ერთობლივი მისიის ფარგლებში მერკურის შესასწავლად გაშვებულმა ხომალდმაც ჩაუფრინა. ამ დროს BepiColombo-ის სახელწოდებით ცნობილი აპარატი, რომელიც ორი ზონდისგან Mercury Planetary Orbiter და Mercury Magnetospheric Orbiter შედგება, პლანეტას 552 კილომეტრის მანძილზე მიუხლოვდა. მას შემდეგ რაც ხომალდი ციურ სხეულს 1,573 კილომეტრის დისტანციაზე დაშორდა, მან ვენერასთან ერთად სელფი გადაიღო. შავ-თეთრ ფოტოზე პლანეტის ფონზე აპარატზე დამონტაჟებული ანტენაა ნაჩვენები. 

► NASA-ს ზონდმა ვენერას ორბიტული მტვრის მთლიანი რგოლი პირველად დააფიქსირა

აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულმა სააგენტომ ევროპელ კოლეგებთან ერთად Solar Orbiter მზის შესასწავლად რაკეტით Atlas V 411 ფლორიდის შტატში მდებარე კანავერალის კონცხიდან 2020 წლის 10 თებერვალს გაუშვა. როგორც ცნობილია, ოფიციალურად კვლევებს ის მიმდინარე წლის ნოემბრიდან დაიწყებს, თუმცა გარკვეული სახის მონაცემებს სპეციალისტებს გასაანალიზებლად აპარატი უკვე აწვდის. Solar Orbiter ვენერას პირველად გასული წლის დეკემბერში მიუახლოვდა. ის 2022-დან 2030 წლამდე დროის პერიოდში ამ ციურ სხეულს სულ მცირე 6-ჯერ ჩაუვლის. ხომალდი პლანეტის გრავიტაციას მზესთან მისაახლოვებლად და ორბიტის შესანარჩუნებლად იყენებს.

კომენტარები

ბოლო ამბები