Thumbnail

ჩინეთში დინოზავრთა 2 ახალი სახეობა აღმოაჩინეს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიაში მომუშავე მკვლევრებმა ბრაზილიის ეროვნულ მუზეუმში მოღვაწე კოლეგებთან ერთად დინოზავრთა 2 ახალი სახეობა აღმოაჩინეს, რომელთა წარმომადგენლებსაც განსაკუთრებულად დიდი ზომა გამოარჩევდათ. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოცემაში Scientific Reports ახლახან გამოქვეყნებულ ნაშრომშია წარმოდგენილი.

მეცნიერებმა დინოზავრთა ახალი სახეობა გამოავლინეს

პალეონტოლოგებმა უძველეს ნამარხებს ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე სიანძიანის რეგიონსა და ტურფანის ღრმულში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩატარებული გათხრებისას მიაკვლიეს. იქ აღმოჩენილ ნიმუშებს შორისაა პტეროზავრების, ანუ მფრინავი ხვლიკების ნაშთები, კვერცხები, ემბრიონები, ასევე, ხერხემლის მალებისა და ნეკნების ფრაგმენტები. ამ უკანასკნელთა შესწავლის შედეგად, სპეციალისტებმა დინოზავრთა აქამდე უცნობი 2 სახეობა გმოავლინეს. მათგან პირველს ნაშრომის ავტორებმა Silutitan sinensis უწოდეს, მეორეს კი Hamititan xinjiangensis.

ილუსტრაციაზე მარცხნივ Hamititan xinjiangensis, ხოლო მარჯვნივ Silutitan sinensis არის ნაჩვენები. ფოტო: Maurilio Oliveira

მეცნიერთა განცხადებით, ეს სახეობები ახლანდელი ჩინეთის ტერიტორიაზე ქვედა ცარცულ პერიოდში, დაახლოებით 120-130 წლის წინ ბინადრობდნენ. ისინი ბალახისმჭამელი უზარმაზარი დინოზავრების, ზავროპოდების ჯგუფს მიეკუთვნებიან. მკვლევართა გამოთვლების თანახმად, Silutitan sinensis-ის სახეობის ცხოველთა სიგრძე 20 მეტრს შეადგენდა, Hamititan xinjiangensis-ის წარმომადგენელთა სხეული კი შედარებით მომცრო ზომის იყო და 17 მეტრს აღწევდა.

ჩიტის მსგავსი დინოზავრი სინამდვილეში ახალი სახეობის ხვლიკი აღმოჩნდა

აღსანიშნავია, რომ ხსენებული სახეობები აღმოსავლეთ აზიაში ძველად გავრცელებული ზავროპოდების მრავალფეროვნებას ცხადყოფს. ამის მიუხედავად, დღემდე დავის საგნად რჩება დინოზავრთა ტაქსონომიური კლასიფიკაცია. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ამ საკითხის უკეთ შესწავლაში სწორედ მსგავსი მიგნებები დაგვეხმარება.

კომენტარები

ბოლო ამბები