Thumbnail

ნახეთ: კომპანიამ Google ახალი სმარტფონი Pixel 5A წარადგინა

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანია Google საზოგადოებას 17 აგვისტოს გამართულ ონლაინ ღონისძიებაზე ახალ სმარტფონი Pixel 5A წარუდგინა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მობილური მოწყობილობის გაყიდვა მიმდინარე წლის 26 აგვისტოდან დაიწყება. მის შეძენას მსურველები 449 აშშ დოლარად შეძლებენ.

► ნახეთ: Google ახალ სმარტფონებს Pixel 6 და Pixel 6 Pro გამოუშვებს

Google Pixel 5A-ს 6,34-დუიმიანი OLED ეკრანი აქვს და 5G მხარდაჭერით სარგებლობს. მოდელი ოპერაციულ სისტემაზე Android 11 მუშაობს და ამერიკული კომპანია Qualcomm-ის მიერ შექმნილი მძლავრი პროცესორით Snapdragon 765G არის აღჭურვილი. სმარტფონის ოპერატიული მეხსიერება 6GB-ია, შიდა მეხსიერება კი 128GB. რაც შეეხება მობილური მოწყობილობის ელემენტის ტევადობას, ის 4680mAh-ს შეადგენს. Pixel 5A წყალგაუმტარი მასალისგან არის დამზადებული, რომელიც მექანიზმს სითხეში ერთი მეტრის სიღრმეზე ჩაძირვის შემთხვევაში დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში იცავს. 

ახალი სმარტფონი Pixel 5A. ფოტო: Google 

სმარტფონის უკანა კორპუსზე 12,2-მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა და 16-მეგაპიქსელიანი სიღრმის სენსორია განლაგებული. მობილური მოწყობილობის ეკრანის ზედა მარცხენა კუთხეში განთავსებული წინა კამერით 8-მეგაპიქსელიანი ფოტოების გადაღებაა შესაძლებელი. მოდელის სიგრძე 156,2 მილიმეტრი, სიგანე 73,2 მილიმეტრი, სისქე კი 8,8 მილიმეტრია. როგორც ცნობილია, მომხმარებლებისთვის შავი ფერის Pixel 5A იქნება ხელმისაწვდომი. Google-ის წარმომადგენლების განცხადებით, კომპანიამ მობილურის წინასწარი შეკვეთების მიღება უკვე დაიწყო.

► ნახეთ: Samsung-მა დასაკეცი სმარტფონები და სხვა მოწყობილობები წარადგინა

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ Google-მა კიდევ ორი ახალი სმარტფონის, Pixel 6 და Pixel 6 Pro გამოშვება დააანონსა. მობილური მოწყობილობების ოფიციალურ წარდგენას ამერიკული კომპანია მიმდინარე წლის შემოდგომაზე გეგმავს. სხვადასხვა წყაროების ცნობით, მოცემული მოდელების ღირებულება 800-დან 1100 აშშ დოლარამდე იქნება.

  

კომენტარები

ბოლო ამბები