Thumbnail

ნახეთ: ფლორიდის ზოოპარკში ორი ალბინოსი ალიგატორი დაიბადა

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

აშშ-ის ფლორიდის შტატში მდებარე ოსეოლას ოლქში განლაგებულ ზოოპარკში ორი ალბინოსი ალიგატორი დაიბადა. აღსანიშნავია, რომ ქვეწარმავლები ქვეყანას ჯერ კიდევ ერთი თვის წინ მოევლინენ, თუმცა "ველური ფლორიდის" სახელწოდებით ცნობილი დაწესებულების ადმინისტრაციამ ამის შესახებ ფართო საზოგადოებას მხოლოდ ახლა შეატყობინა.

► ნახეთ: საფრანგეთის ზოოპარკში გიგანტურმა პანდამ ტყუპები გააჩინა

როგორც ცნობილია, ფლორიდის ზოოპარკის თანამშრომლები მიმდინარე წლის 30 აპრილიდან საერთო ჯამში 18 კვერცხს მეთვალყურეობდნენ, თუმცა რამდენიმეთვიანი საინკუბაციო პერიოდის შემდეგ რეპტილიები მხოლოდ ორი მათგანიდან გამოიჩეკნენ. ახალდაბადებულთათვის, რომლებიც ამავე დაწესებულების ბინადარი ალბინოსი ალიგატორების, სნოუფლეიკისა და ბლიზარდის ნაშიერები არიან, ჯერჯერობით სახელები არ შეურჩევიათ. ზოოპარკის წარმომადგენლების განცხადებით, მათ მონახულებას მსურველები უახლოეს მომავალში შეძლებენ.

 

ახალშობილების დედის, სნოუფლეიკის ასაკი 23 წელია, მათი მამა, ბლიზარდი კი მხოლოდ 12 წლისაა. ისინი "ველურ ფლორიდაში" 2017 წლიდან ბინადრობენ. დაწესებულების ადმინისტრაციის ცნობით, მდედრი ალიგატორის სიგრძე დაახლოებით 2,7 მეტრს შეადგენს, მამრი ქვეწარმავლის სიგრძე კი 3 მეტრს მცირედით აღემატება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სნოუფლეიკისა და ბლიზარდის შეწყვილების შედეგად დადებული კვერცხებიდან 2020 წლის აგვისტოში ოთხი ალბინოსი რეპტილია გამოიჩეკა.

► ნახეთ: დისნეის პარკში 1 დღის ინტერვალით გორილა და ბეჰემოთი დაიბადა 

ალიგატორები ველურ გარემოში 35-დან 50-წლამდე ცოცხლობენ, ადამიანთა მეთვალყურეობის ქვეშ კი მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა 65-75 წელს აღწევს. სპეციალისტების განცხადებით, ქვეწარმავლებში ალბინიზმს პიგმენტური უჯრედების განუვითარებლობა იწვევს, რის გამოც მათი სხეული შეფერილობას ვერ იღებს. "ველური ფლორიდის" წარმომადგენლების ინფორმაციით, ამ დროისთვის მსოფლიოში აღნიშნული სახეობის 100-მდე ალბინოსი ინდივიდია. მათ შორის, ზოოპარკებსა და მსგავს დაწესებულებებში ასეთი მხოლოდ 12 რეპტილია ბინადრობს.

    

კომენტარები

ბოლო ამბები