Thumbnail

მარსის ატმოსფეროდან წყლის კოსმოსში გადინებას მტვრის ქარიშხლები უწყობს ხელს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე კოლორადოს უნივერსიტეტსა და კალიფორნიის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში მომუშავე მეცნიერთა მიერ რუს კოლეგებთან ერთად ჩატარებული კვლევის თანახმად, მარსის ატმოსფეროდან წყლის კოსმოსში გადინებას მტვრის ქარიშხლები უწყობს ხელს. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოცემაში Nature Astronomy ახლახან გამოქვეყნებულ ნაშრომშია წარმოდგენილი.

მეცნიერების ვარაუდით, მარსზე იმაზე მეტი წყალია, ვიდრე აქამდე გვეგონა

წითელი პლანეტის ატმოსფეროს ზედა ფენებში არსებული წყლის მოლეკულები მზისგან მომავალი რადიაციის გავლენით წყალბადად და ჟანგბადად იშლება. მათგან პირველი, რომელიც მსუბუქი ქიმიური ელემენტია, ღია სივრცეში მარტივად გაედინება, მეორე კი ან მის ბედს იზიარებს, ან ციური სხეულის ზედაპირზე ბრუნდება. სპეციალისტებისთვის აქამდეც ცნობილი იყო, რომ მარსმა წყლის უდიდესი ნაწილი სწორედ ამ პროცესის შედეგად დაკარგა. ახალი კვლევით კი მათ დაადგინეს, რომ ამაში მნიშვნელოვანი წვლილი მტვრის რეგიონულ ქარიშხლებს მიუძღვის. ამ დროს ობიექტის ატმოსფეროში წარმოქმნილი სითბოს გამო H2 გაყინვას ვერ ახერხებს და აირად მდგომარეობაში კოსმოსში აღწევს.

მტვრის ქარიშხალი მარსზე. ფოტო: NASA

ნაშრომის ავტორებმა ამის გარკვევა NASA-ს ორბიტერების MRO, TGO და MAVEN მიერ მოპოვებული მონაცემების ანალიზის გზით შეძლეს. აპარატები 2019 წლის იანვარსა და თებერვალში მტვრის მცირემასშტაბიანი შტორმის მომსწრენი გახდნენ, რომლის მსგავსიც წითელი პლანეტის სამხრეთ ნახევარსფეროში თითქმის ყოველ ზაფხულს ფიქსირდება. ზონდებმა მარსის ზედაპირიდან 100 კილომეტრ სიმაღლეზე არსებული ტემპერატურა, წყლის ყინულისა და მტვრის კონცენტრაცია, წყლის ორთქლისა და ყინულის თანაფარდობა, უფრო მოშორებით კი წყალბადის რაოდენობა გაზომეს.

მარსზე არსებული წყალი, შესაძლოა, პლანეტის ქერქში იყოს მოქცეული

აღმოჩნდა, რომ მტვრის ქარიშხლის შემდეგ წყალბადის ატომებმა ატმოსფეროში მაღლა ააღწიეს ისე, რომ არ გაყინულან, რაც ტემპერატურის მატებით იყო გამოწვეული. ამან, ასევე, ღრუბლების ფორმირების პროცესიც შეაფერხა, თუმცა შტორმის ჩავლისთანავე ყველაფერი გამოსწორდა და ჩვეულ მაჩვენებლებს დაუბრუნდა. მეცნიერთა აზრით, ეს მიგნება მარსის ატმოსფეროს ევოლუციის უკეთ შესწავლაში დაგევხმარება.

კომენტარები

ბოლო ამბები