Thumbnail

ნახეთ: Curiosity-ის მიერ მარსზე გადაღებული ახალი პანორამული სურათი

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულმა სააგენტომ მარსზე გაგზავნილი როვერის Curiosity მიერ გადაღებული მაღალი გარჩევადობის პანორამული სურათი გამოაქვეყნა. NASA-ს წარმომადგენლების განცხადებით, 360-გრადუსიანი გამოსახულება 129 კადრის შეერთებით არის მიღებული.

► ნახეთ: Perseverance-ის მიერ მარსზე გადაღებული პანორამული სურათი გავრცელდა

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მარსმავალზე დამონტაჟებულმა კამერამ Mastcam ფოტოები, რომლებიც მოგვიანებით აშშ-ის კოსმოსურ სააგენტოში მომუშავე სპეციალისტებმა პანორამული გამოსახულების შესაქმნელად გამოიყენეს, მიმდინარე წლის 3 ივლისს დააფიქსირა. ისინი წითელი პლანეტის ეკვატორის მახლობლად არსებულ გეილის კრატერში განლაგებულ შარპის მთასთან არის გადაღებული. სურათზე აღნიშნულ რეგიონში მდებარე 137 მეტრი სიმაღლის მქონე კლდოვანი ბორცვია აღბეჭდილი. ამის გარდა ფოტოზე როვერზე დამონტაჟებული ხელსაწყოები და Curiosity-ის ბორბლები მოჩანს.

მარსმავალ Curiosity-ის მიერ გადაღებული პანორამული სურათი. ფოტო: NASA

აღსანიშნავია, რომ Curiosity წითელ პლანეტაზე განლაგებულ გეილის კრატერს დაახლოებით ცხრა წელია იკვლევს. მეცნიერების ვარაუდით, ეს ღრმული ციური სხეულის ზედაპირზე 3,6 მილიარდი წლის წინ, ასტეროიდის ჩამოვარდნის შედეგად წარმოიქმნა. მკვლევართა აზრით, ძველად იქ ტბა არსებობდა, რაზეც თიხით მდიდარი ადგილები მიანიშნებს. მსგავსი დანალექი სწორედ ზოგიერთი მინერალის წყალთან ურთიერთქმედებისას ფორმირდება და სიცოცხლის ნიშნებს საკმაოდ დიდხანს და კარგად ინახავს. NASA-ს აპარატის მისია აღნიშნულ არეალში გეოლოგიური მასალის მოძიებაა, რაც მეცნიერებს იქ სიცოცხლის არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებების მოპოვებაში დაეხმარება.

► NASA-ს როვერმა მარსზე კლდოვანი თაღი აღმოაჩინა

აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულმა სააგენტომ Curiosity მარსისკენ ფლორიდაში მდებარე კანავერალის კონცხზე განლაგებული ბაზიდან 2011 წლის 26 ნოემბერს გაუშვა. ხომალდმა, რომლის ბორტზეც NASA-ს მარსმავალი იმყოფებოდა, დანიშნულების ადგილს დაახლოებით 560 მილიონი კილომეტრის გავლის შემდეგ მიაღწია. როვერი წითელ პლანეტაზე არსებულ გეილის კრატერში 2012 წლის 6 აგვისტოს დაეშვა, 2014 წლის სექტემბერში კი შარპის მთასთან მივიდა და მას შემდეგ მის მიმდებარე ტერიტორიას იკვლევს.

კომენტარები

ბოლო ამბები