Thumbnail

ნახეთ: ასტრონომებმა ჩვენს გალაქტიკაში უჩვეულო სტრუქტურა აღმოაჩინეს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე კალიფორნიის ტექნოლოგიურ ინსტიტუტსა და ჰარვარდ-სმითსონის ასტროფიზიკის ცენტრში მომუშავე მეცნიერებმა პორტუგალიელ, ჩინელ და ფრანგ კოლეგებთან ერთად ჩვენი გალაქტიკის სპირალურ შვერილში უჩვეულო სტრუქტურა აღმოაჩინეს. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოცემაში Astronomy & Astrophysics ახლახან გამოქვეყნებულ ნაშრომშია წარმოდგენილი.

ანდრომედას გალაქტიკის ყველაზე დეტალური რადიოგამოსახულება გავრცელდა

ირმის ნახტომის გალაქტიკის ზუსტი ზომა და ფორმა ასტრონომებისთვის უცნობია. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ დედამიწა მის შიგნით მდებარეობს, შესაბამისად, აქედან მისი მხოლოდ მცირე ნაწილის დანახვაა შესაძლებელი. ეს სპეციალისტთა მიერ მატერიის ამ უზარმაზარი სისტემის მთლიანი სურათის შედგენას ართულებს. ამ საკითხზე მეტის გასაგებად, ნაშრომის ავტორებმა ჩვენი გალაქტიკის "მშვილდოსნის მკლავის" ერთ-ერთი სეგმენტის შესწავლა გადაწყვიტეს. ეს მათ NASA-ს კუთვნილი სპიტცერის კოსმოსური ტელესკოპისა და ESA-ს გაიას ობსერვატორიის მეშვეობით მოპოვებული მონაცემების შეჯერების გზით მოახერხეს. შედეგად, მათ სამგანზომილებიანი გამოსახულება მიიღეს, რომელზეც სხვადასხვა ნისლეულში მოქცეული ახალგაზრდა ვარსკვლავებია ნაჩვენები.

ირმის ნახტომის გალაქტიკის "მშვილდოსნის მკლავში" არსებული უჩვეულო სტრუქტურა. ფოტო: NASA

როგორც წესი, აირის ღრუბლებისა და იქ არსებული მნათობების განლაგება გალაქტიკის "მკლავის" ფორმას უნდა ემთხვეოდეს. ამ შემთხვევაში კი ვარსკვლავები, ისევე, როგორც ომეგას, არწივის, ლაგუნის, სამნაწილიანი და სხვა ნისლეულები, ირმის ნახტომის მცირე სპირალური შვერილისგან მოგრძო, წვრილი სტრუქტურის სახით არიან გამოყოფილი. 3 ათასი სინათლის წლის მანძილზე გადაჭიმულ ამ სეგმენტს მკვეთრად განსხვავებული მიმართულება გამოარჩევს, ხოლო მასში შემავალი ციური სხეულები სივრცეში ერთნაირი სიჩქარითა და ტრაექტორიით გადაადგილდებიან.

ასტრონომებმა ჩვენს გალაქტიკაში 100-ზე მეტი შავი ხვრელი აღმოაჩინეს

მკვლევართა განცხადებით, ახალი მიგნება სპირალური გალაქტიკების უკეთ შესწავლაში დაგვეხმარება და რაც მთავარია, ირმის ნახტომის ფორმირებისა და მისი ამჟამინდელი აგებულების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვების საშუალებას მოგვცემს.

კომენტარები

ბოლო ამბები