Thumbnail

შვედეთში არსებული მყინვარი კლიმატის ცვლილების გამო 1 წელში 2 მეტრით დაპატარავდა

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

შვედეთში მდებარე სტოკჰოლმის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერთა მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით უმაღლეს კებნეკაისეს მთაზე არსებული მყინვარის ზომა ბოლო 1 წელიწადში 2 მეტრით შემცირდა. სპეციალისტთა განცხადებით, ამის მიზეზი კლიმატის ცვლილებაა, რამაც ყინულის მასის სწრაფ დნობას შეუწყო ხელი.

მსოფლიოში მყინვარების დნობის ტემპი საგანგაშოდ დაჩქარდა

კებნეკაისეს მთის მასივი არქტიკული წრის ჩრდილოეთით, დაახლოებით 150 კილომეტრში მდებარეობს. ის ლაპონიის სახელით ცნობილი არეალის შემადგენლობაშია, რომელიც გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. კებნეკაისეს სამხრეთ ნაწილში განლაგებულმა მყინვარმა შვედეთის უმაღლესი წერტილის წოდება 2019 წელს დაკარგა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მისი მესამედი გლობალური დათბობის გამო დადნა. ახლა მთის მწვერვალი ჩრდილოეთითაა.

კებნეკაისეს მთის სამხრეთ ნაწილში განლაგებული მყინვარი. ფოტო: Getty Images

სტოკჰოლმის უნივერსიტეტის ტარფალას კვლევით ცენტრში მოღვაწე მეცნიერებმა მყინვარის სიმაღლე ახლახან გაზომეს. მათი გამოთვლებით, ეს მაჩვენებელი ამჟამად ზღვის დონიდან 2,094.6 მეტრს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ კებნეკაისეს მთის ადრინდელი მწვერვალი წინა წელთან შედარებით 2 მეტრით დაპატარავდა. მათი თქმით, ეს 1940-იანი წლებიდან დღემდე დაფიქსირებული ყველაზე დაბალი ნიშნულია. ამის განმაპირობებელ უმთავრეს ფაქტორად ისინი ტემპერატურის ზრდას და ქარის სახეცვლილ ცირკულაციას ასახელებენ.

ანტარქტიდაზე არსებული შელფური მყინვარების მესამედს განადგურება ემუქრება

საყურადღებოა, რომ ყინულის საფარი არა მხოლოდ შვედეთში, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში საგანგაშო ტემპით აგრძელებს დნობას. ამ მხრივ გამორჩეულად ცუდი სიტუაციაა ისლანდიაში, გრენლანდიასა და ანტარქტიდაზე. ასევე, ჰიმალაის მთათა სისტემაში, რის გამოც ამ რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას, შესაძლოა, ახლო მომავალში წყლისა და საკვების დეფიციტი შეექმნას.

კომენტარები

ბოლო ამბები