Thumbnail

კვლევით დასტურდება, რომ ჯუჯა პლანეტა ცერერას ქერქი წყლის ყინულითაა მდიდარი

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) რეაქტიული ძრავების ლაბორატორიაში (JPL) მომუშავე მეცნიერებმა, ამავე ქვეყანაში მდებარე პლანეტოლოგიის ინსტიტუტსა და კოლორადოს უნივერსიტეტში მოღვაწე კოლეგებთან ერთად დაადგინეს, რომ ჯუჯა პლანეტა ცერერას ქერქი წყლის ყინულით არის მდიდარი. ამის შესახებ მათი ნაშრომი გამოცემაში Geophysical Research Letters გამოქვეყნდა.

► ჯუჯა პლანეტა ცერერაზე მიწისქვეშა ოკეანე აღმოაჩინეს

სპეციალისტებმა კვლევის დროს NASA-ს მისიის ფარგლებში 2007 წლის 27 სექტემბერს ცერერას შესასწავლად გაშვებული კოსმოსური ხომალდის Dawn მეშვეობით შეგროვებული ინფორმაცია გამოიყენეს. მკვლევრებმა აპარატზე დამონტაჟებული სპექტრომეტრის, სახელწოდებით Gamma Ray and Neutron Detector (GRaND) მიერ მოპოვებული მასალა გააანალიზეს და ჩვენს მზის სისტემაში მდებარე ასტეროიდული ტიპის ჯუჯა პლანეტის ზედაპირზე არსებულ, 90 კილომეტრი დიამეტრის მქონე ოკატორის კრატერსა და მის გარშემო წყალბადის მაღალი კონცენტრაცია შენიშნეს. მეცნიერთა ვარაუდით, ეს ღრმული ციურ სხეულზე დაახლოებით 20 მილიონი წლის წინ, მეტეორის დაცემის შედეგად წარმოიქმნა.

ჯუჯა პლანეტა ცერერა. ფოტო: NASA

ნაშრომის ავტორთა ცნობით, ცერერა კლდოვანი მანტიისგან და საშუალოდ 40 კილომეტრი სისქის მქონე ქერქისგან შედგება. მათივე თქმით, ამ უკანასკნელში ციური სხეულზე ოდესღაც არსებული ოკეანის გაყინული ნაშთებია შემორჩენილი. მკვლევართა განმარტებით, ჯუჯა პლანეტის ქერქი არასტაბილურობით ხასიათდება და წყლის ყინულის გარდა ფილოსილიკატებს, მარილებს, ასევე, დიდი ალბათობით, აირის ჰიდრატებს შეიცავს. მეცნიერების განცხადებით, ცერერას ზედაპირთან ახლოს, განსაკუთრებით მისი ეკვატორის ქვეშ არსებული ყინული დროთა განმავლობაში მზის სხივების ზემოქმედების შედეგად აორთქლდა. ის პლანეტის გარე გარსთან ყველაზე ახლოს ციური სხეულის პოლუსებთან არის შემორჩენილი.

ამერიკელი სპეციალისტების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ცერერას ქერქის ქვედა შრეებიდან წყლის ყინულმა ოკატორის კრატერსა და მის მიმდებარედ მეტეორის დაცემის შედეგად ღრმულის წარმოქმნის შემდეგ ამოაღწია. სწორედ ამით ხსნიან ნაშრომის ავტორები ჯუჯა პლანეტის ეკვატორთან ახლოს მდებარე რეგიონში წყალბადის მაღალ კონცენტრაციას.

► ნახეთ: იუპიტერის თანამგზავრ განიმედეს ატმოსფეროში წყლის ორთქლი აღმოაჩინეს

ცერერა იტალიელმა ასტრონომმა, ჯუზეპე პიაციმ 1801 წელს აღმოაჩინა. თავდაპირველად მეცნიერები მას მზის სისტემის პლანეტად მიიჩნევდნენ, შემდეგ ასტეროიდების კატეგორიას მიაკუთვნეს, 2006 წელს კი, საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის (UAI) გადაწყვეტილებით, ის ჯუჯა პლანეტად კატეგორიზდა. ახალი კვლევების საფუძველზე, ის წყლის მარაგით მდიდარი ციური სხეულების - მთვარეები ევროპა, განიმედე, კალისტო, ენცელადუსი, ტიტანი, მიმასი და ჯუჯა პლანეტა პლუტონი - რიგებს შეურთდება.

კომენტარები

ბოლო ამბები