Thumbnail

კომპანია Intuitive Machines მთვარეზე დასაჯდომ მოდულს SpaceX-ის რაკეტით გაუშვებს

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

აშშ-ის ტექსასის შტატის ქალაქ ჰიუსტონში დაფუძნებულმა ავიაკოსმოსური ტექნოლოგიების მწარმოებელმა კომპანიამ Intuitive Machines მთვარეზე მისიის IM-3 ფარგლებში საკუთარი დასაჯდომი მოდულის გასაგზავნად SpaceX შეარჩია. აღსანიშნავია, რომ Nova-C-ის სახელით ცნობილი ლენდერი დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრზე ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) კუთვნილ ხელსაწყოებს წაიღებს.

► ილონ მასკის თქმით, Starship ასტრონავტების მთვარეზე დასმას 2024 წლამდე შეძლებს

Intuitive Machines-ის წარმომადგენელთა განცხადებით, მისიის IM-3 ფარგლებში მთვარეზე დასაჯდომ მოდულს ილონ მასკის კომპანიის მიერ წარმოებული რაკეტით Falcon 9 სავარაუდოდ 2024 წლის დასაწყისში გაუშვებენ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლენდერი იქ 130 კილოგრამამდე ტვირთს წაიღებს. როგორც ცნობილია, აპარატი ციური სხეულის სამხრეთ პოლუსის მახლობლად დაეშვება და NASA-ს პროგრამის CLPS ფარგლებში ჩვენი პლანეტის ბუნებრივი თანამგზავრის შესასწავლად შექმნილ ხელსაწყოებს მთვარის ზედაპირზე გადაიტანს.

ილუსტრაციაზე მთვარეზე დასაჯდომი მოდული Nova-C არის ნაჩვენები. ფოტო: Intuitive Machines

აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულმა სააგენტომ Intuitive Machines მთვარეზე ხელსაწყოების წასაღებად 2020 წლის ოქტომბერში შეარჩია. მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, კომპანია 2024 წლამდე NASA-სთვის კიდევ ორ მისიას, IM-1 და IM-2 შეასრულებს. გეგმის მიხედვით, აქედან პირველი მიმდინარე წლის ბოლოს, მეორე კი 2022 წელს განხორციელდება. ორივე ფრენა ილონ მასკის კომპანიის რაკეტით Falcon 9 შედგება. SpaceX მთვარეზე საკუთარი კოსმოსური აპარატის გასაგზავნად ავიაკოსმოსური ტექნოლოგიების მწარმოებელმა კომპანიამ, Masten Space Systems-მაც შეარჩია, რომელიც NASA-მ 75,9 მილიონი აშშ დოლარით დააფინანსა. ამ მისიის განხორციელება მომავალი წლისთვის იგეგმება.

► NASA-მ, შესაძლოა, მთვარეზე ეკიპაჟიანი მისიის განხორციელების თარიღი გადაწიოს

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ NASA-მ პროგრამა "არტემისის" ფარგლებში დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრზე დასაშვები სისტემის შექმნის მიზნით SpaceX-თან კონტრაქტი გააფორმა. კომპანიის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის განცხადებით, კოსმოსურ ხომალდ Starship-ის ვერსია, რომელსაც ასტრონავტების მთვარის ზედაპირზე დასასმელად გამოიყენებენ, მზად 2024 წლამდე იქნება. 

კომენტარები

ბოლო ამბები