Thumbnail

მოუსმინეთ: მზის ქარის ხმა ვენერაზე

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ევროპისა და იაპონიის კოსმოსური სააგენტოების ერთობლივი მისიის ფარგლებში მერკურის შესასწავლად გაშვებული ხომალდი BepiColombo ვენერასთან ჩაფრენისას პლანეტის ატმოსფეროსა და მზის ქარის ურთიერთქმედების მომსწრე გახდა. აპარატის მიერ შეგროვებული მონაცემები სპეციალისტებმა აუდიო ვერსიად აქციეს, რომელშიც ამ პროცესში "გამოცემული" ხმების მოსმენაა შესაძლებელი.

კოსმოსურმა ხომალდმა BepiColombo ვენერას ფონზე ახალი სელფი გადაიღო

ხომალდი, რომელიც ორი ზონდისგან Mercury Planetary Orbiter და Mercury Magnetospheric Orbiter შედგება, ვენერას მიმდინარე წლის 10 აგვისტოს მიუახლოვდა. ციურ სხეულთან რიგით მეორე ჩავლისას ის ობიექტის ზედაპირისგან 552 კილომეტრით იყო დაშორებული. აღნიშნული მანევრის დროს აპარატზე დამონტაჟებულმა ერთ-ერთმა ხელსაწყომ, მაგნიტომეტრმა პლანეტის სქელ, ნახშირორჟანგით მდიდარ ატმოსფეროზე მზისგან მომავალი დამუხტული ნაწილაკების ზემოქმედება დააფიქსირა. ევროპის კოსმოსურ სააგენტოში მომუშავე მეცნიერებმა კი ამ მონაცემთა სონიფიკაცია შეძლეს.

 

მკვლევართა მიერ გამოქვეყნებულ აუდიო ჩანაწერში დაბალი სიხშირის მქონე, ქარისთვის დამახასიათებელი ხმები ისმის. რაც შეეხება შედარებით მაღალი სიხშირის ბგერებს, მათი აბსოლუტური უმრავლესობა BepiColombo-ს აქტივობასთანაა დაკავშირებული. აღსანიშნავია, რომ იმავე მოვლენაზე დაკვირვების საშუალება NASA-ს და ESA-ს მიერ ჩვენი მნათობის შესასწავლად გაგზავნილ, Solar Orbiter-ის სახელით ცნობილ ზონდსაც ჰქონდა, რომელმაც ვენერასთან 1 დღით ადრე, 9 აგვისტოს ჩაიარა.

ნახეთ: ხომალდმა Solar Orbiter ვენერას ზედაპირზე არეკლილი მზის სინათლე დააფიქსირა

ევროპისა და იაპონიის კოსმოსურმა სააგენტოებმა BepiColombo რაკეტით Ariane 5 მერკურისკენ 2018 წლის 20 ოქტომბერს გაუშვეს. ის ვენერას პირველად 2020 წლის 15 ოქტომბერს მიუახლოვდა და ციური სხეულის ფონზე სელფები გადაიღო. ამ პლანეტის გრავიტაცია აპარატს მოძრაობის დაჩქარებასა და სწორი მიმართულებით გადაადგილებაში ეხმარება. სპეციალისტების განცხადებით, BepiColombo მერკურის 2021 წლის 1 ან 2 ოქტომბერს მიუახლოვდება, მის გარშემო ორბიტაზე მოძრაობას კი ხომალდი 2025 წლის 5 დეკემბრიდან დაიწყებს.

კომენტარები

ბოლო ამბები