Thumbnail

ნახეთ: ავსტრალიის ზოოპარკში ორი ტასმანიური ეშმაკი დაიბადა

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ავსტრალიის ახალი სამხრეთ უელსის შტატში მდებარე რეპტილიების პარკში ორი ტასმანიური ეშმაკი დაიბადა. აღსანიშნავია, რომ ძუძუმწოვრები ქვეყანას გარემოსდაცვითი ორგანიზაციის Aussie Ark ძალისხმევით მოევლინენ, რომელიც გადაშენების პირას მყოფი ამ ხორცისმჭამელი ჩანთოსნების გამრავლებასა და გადარჩენას დაახლოებით ათი წელია ცდილობს.

► ნახეთ: ფლორიდის ზოოპარკში ორი ალბინოსი ალიგატორი დაიბადა

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალდაბადებულთათვის სახელები ჯერ არ დაურქმევიათ. ავსტრალიის რეპტილიების პარკის ადმინისტრაცია მათ შესარჩევად დახმარებას საზოგადოებას სთხოვს. როგორც ცნობილია, ახალშობილ ტასმანიურ ეშმაკებს აღნიშნული დაწესებულების თანამშრომელი, ჰივენ ჰოჩკინსი მეთვალყურეობს. მისი განცხადებით, ძუძუმწოვრები საკვებს სპეციალური ბოთლებით, დღეში ხუთჯერ იღებენ. დაახლოებით რვა თვის შემდეგ Aussie Ark-ის წარმომადგენლები ტასმანიურ ეშმაკებს პარკიდან წაიყვანენ და ჩანთოსნებს თავიანთ ბუნებრივ საცხოვრებელ გარემოში გაუშვებენ.

 

ტასმანიური ეშმაკები, რომლებიც თავდაპირველად ავსტრალიის მთელ ტერიტორიაზე ბინადრობდნენ, ბოლოს მხოლოდ კუნძულ ტასმანიაზე იყვნენ შემორჩენილნი. მეცნიერთა ვარაუდით, კონტინენტზე მათი გადაშენება ველური ძაღლი დინგოს გავრცელებამ და ადგილობრივი მონადირეების მიერ ამ ცხოველის ძირითადი საკვების, მცირე და საშუალო ზომის ძუძუმწოვრების განადგურებამ განაპირობა. ტასმანიაზე შემორჩენილ ჩანთოსნებში 1990-იან წლებში სიმსივნური დაავადები გავრცელდა, რამაც ცხოველთა პოპულაციის დაახლოებით 90 პროცენტის განადგურება გამოიწვია. შედეგად, 2009 წელს ტასმანიური ეშმაკი გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ სახეობად გამოცხადდა.

► ტასმანიურმა ეშმაკებმა ავსტრალიის კუნძულზე პინგვინების პოპულაცია გაანადგურეს

აღსანიშნავია, რომ გასული წლის შემოდგომაზე Aussie Ark-ის წარმომადგენლებმა ტასმანიური ეშმაკები 3 ათასი წლის შემდეგ პირველად თავიანთ ბუნებრივ საცხოვრებელ გარემოში - ავსტრალიაში დააბრუნეს. ორგანიზაციის თანამშრომლებმა ამ სახეობის 26 წარმომადგენელი ქალაქ სიდნეის ჩრდილოეთით მდებარე დაცულ ტერიტორიაზე გაუშვეს, რომელიც დაახლოებით 400 ჰექტარზეა გადაჭიმული. მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს იქ ქვეყანას შვიდი ტასმანიური ეშმაკი მოევლინა.

კომენტარები

ბოლო ამბები