Thumbnail

კომპანია Tesla ჰუმანოიდი რობოტის შექმნაზე მუშაობს

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია Tesla, რომლის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკია, ჰუმანოიდი რობოტის შექმნაზე მუშაობს. მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე მდიდარმა ადამიანმა ამის შესახებ ინფორმაცია 20 აგვისტოს, თბილისის დროით 4:00 საათზე გამართულ ღონისძიებაზე AI Day გააჟღერა.

ნახეთ: Boston Dynamics-ის ჰუმანოიდი რობოტები პარკურის ილეთებს ასრულებენ

ილონ მასკის განცხადებით, Tesla Bot-ის სახელწოდებით ცნობილი რობოტი იმავე ხელოვნურ ინტელექტს დაეყრდნობა, რომელსაც კომპანია ავტონომიური მართვის სისტემით აღჭურვილ ელექტრომობილებში იყენებს. მისივე განმარტებით, მოწყობილობა სახიფათო დავალებების შესრულებასა და წინასწარი ინსტრუქციის გარეშე გადაადგილებას შეძლებს. Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის თქმით, რობოტი მფლობელის მიერ გაცემულ შედარებით მარტივ ბრძანებებსაც შეასრულებს. მათ შორის, პატრონს ავტომობილისა თუ სხვადასხვა ტექნიკის შეკეთებაში დაეხმარება და მაღაზიებში პროდუქტის შესაძენად მის ნაცვლად ივლის.

ჰუმანოიდი რობოტი Tesla Bot. ფოტო: Tesla 

სამხრეთაფრიკული წარმოშობის მილიარდერის ინფორმაციით, Tesla Bot-ის სიმაღლე დაახლოებით 172 სანტიმეტრი იქნება. ილონ მასკის განცხადებით, მისი კომპანია ჰუმანოიდი რობოტის დასამზადებლად შედარებით მსუბუქ მასალას გამოიყენებს, რის შედეგადაც მოწყობილობის წონა 57 კილოგრამს არ გადააჭარბებს. Tesla Bot-ის სახის ადგილზე ეკრანი განთავსდება, რომელზეც სხვადასხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია გამოჩნდება. როგორც ცნობილია, რობოტი მაქსიმუმ 8 კმ/სთ სიჩქარით იმოძრავებს და 20 კილოგრამზე მეტი ტვირთის გადატანას შეძლებს. აღსანიშნავია, რომ ილონ მასკმა ღონისძიებაზე საზოგადოებას მხოლოდ Tesla Bot-ის ფოტოსურათი წარუდგინა. მისი თქმით, Tesla-ს ჰუმანოიდი რობოტის პირველი პროტოტიპი მომავალი წლისთვის იქნება მზად.

ნახეთ: კომპანიამ Hanson Robotics ჰუმანოიდი რობოტი "გრეისი" წარადგინა

მსგავსი მოწყობილობების დამზადებაზე დღესდღეობით არაერთი კომპანია მუშაობს. მაგალითად, ჩინურმა მწარმოებელმა Hanson Robotics, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი ხელოვნური ინტელექტის მქონე ანდროიდის, სოფიას შემქმნელია, მიმდინარე წელს ჰუმანოიდი რობოტი, სახელად გრეისი წარადგინა. მოწყობილობა ჯანდაცვის სექტორისთვის არის გათვლილი და კომპანიის ცნობით, მისი დანიშნულება ხანდაზმულებზე, ასევე, კორონავირუსის პანდემიის გამო იზოლაციაში მყოფ ადამიანებზე ზრუნვაა.

კომენტარები

ბოლო ამბები