Thumbnail

ჩინურმა მარსმავალმა Zhurong საწყისი მისია წარმატებით დაასრულა

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ჩინეთის კოსმოსური სააგენტოს (CNSA) მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მისიის Tianwen-1 ფარგლებში წითელ პლანეტაზე გაშვებულმა მარსმავალმა Zhurong ობიექტის შესასწავლად გამოყოფილი საწყისი 3-თვიანი პერიოდი მიმდინარე წლის 15 აგვისტოს წარმატებით დაასრულა.

ნახეთ: ჩინურმა როვერმა Zhurong მარსზე ახალი ფოტოები გადაიღო

როვერმა მარსზე საერთო ჯამში 90 დღე დაჰყო. ამ დროის განმავლობაში მან ციური სხეულის ზედაპირზე დაშვების ადგილიდან ამჟამინდელ სამყოფლამდე 889 მეტრი გაიარა და გზად წითელი პლანეტის ამსახველი არაერთი ფოტოსურათი გადაიღო. აპარატმა იქ არსებული ქვები, დიუნები და სხვა გეოლოგიური წარმონაქმნებიც შეისწავლა. მან დედამიწაზე ორბიტერთან ერთად შეგროვებული 420 GB-ის ოდენობის მეცნიერული მონაცემები გამოაგზავნა, რომელთა გაანალიზებაც სპეციალისტებს მარსის შესახებ მეტის გაგებაში დაეხმარება. სააგენტოში აცხადებენ, რომ Zhurong და მასზე დამონტაჟებული ხელსაწყოები მწყობრშია. ის უახლოეს მომავალში გარემოს გამოკვლევას განაგრძობს, თუმცა სექტემბრის შუა რიცხვებიდან ოქტომბრის ბოლომდე მისგან სიგნალს ვერ მივიღებთ, რადგან ჩვენ შორის მზე მოექცევა.

სურათზე ჩინური მარსმავლის მიერ გავლილი გზაა ნაჩვენები. ფოტო: CNSA

აღმოსავლეთ აზიაში მდებარე, მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მსოფლიოში უდიდესმა სახელმწიფომ მისიის Tianwen-1 ფარგლებში ხომალდი დასაჯდომ მოდულთან და მარსმავალთან ერთად წითელი პლანეტისკენ ქალაქ ვენჩანში მდებარე კოსმოდრომიდან ტექნოლოგიური კომპანია CALT-ის მიერ შექმნილი რაკეტით Long March 5 გასული წლის 23 ივლისს გაუშვა. აპარატმა დანიშნულების ადგილამდე დაახლოებით 500 მილიონი კილომეტრის გავლის შემდეგ, 10 თებერვალს მიაღწია და ციური სხეულის ელიფსურ ორბიტაზე დაიწყო მოძრაობა. აღსანიშნავია, რომ ეს ჩინეთის კოსმოსური სააგენტოს მიერ გაგზავნილი ხომალდის მარსამდე მისვლის მეექვსე შემთხვევაა.

ნახეთ: ჩინური როვერის მარსზე გადაადგილების ვიდეო და აუდიომასალა

Zhurong ლენდერის დახმარებით წითელ პლანეტაზე 15 მაისს დაეშვა. აღსანიშნავია, რომ NASA-ს კუთვნილი აპარატების გარდა, ეს პირველი როვერია, რომელმაც მარსის ზედაპირზე დაჯდომა წარმატებით შეძლო. მისიის მიზანი მზის ენერგიაზე მომუშავე 6 ხელსაწყოს საშუალებით ობიექტის გეოლოგიური მახასიათებლების შესწავლა, მის იონოსფეროზე დაკვირვება, ასევე, ციური სხეულის კლიმატისა და ელექტრომაგნიტური თუ გრავიტაციული ველის ანალიზია.

კომენტარები

ბოლო ამბები