Thumbnail

ასტრონომებმა მაგელანის დიდი ნისლეულის ახალი რუკა შექმნეს

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში მდებარე მაკუორის სახელობის უნივერსიტეტში მომუშავე ასტრონომებმა დიდ ბრიტანეთში განლაგებულ კილის უნივერსიტეტში მოღვაწე კოლეგებთან ერთად რადიოტელესკოპის დახმარებით მაგელანის დიდი ნისლეულის ახალი რუკა შექმნეს. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მათ მიერ გამოცემაში Monthly Notices of the Royal Astronomical Society გამოქვეყნებულ ნაშრომშია თავმოყრილი.

► ნახეთ: სპეციალისტებმა იუპიტერის მთვარის ინფრაწითელი რუკა შექმნეს

მაგელანის დიდი ნისლეული ირმის ნახტომის გალაქტიკის თანამგზავრი გალაქტიკაა და მის გარშემო ბრუნავს. ის ჩვენგან 160 ათასი სინათლის წლით არის დაშორებული. როგორც ცნობილია, ობიექტი ოქროს თევზისა და მაგიდა მთის თანავარსკვლავედში დაახლოებით 14 ათას სინათლის წლის მანძილზეა გადაჭიმული. მაგელანის დიდი ნისლეულის დანახვა მის გვერდით განლაგებულ მაგელანის პატარა ნისლეულთან ერთად დედამიწის სამხრეთ ნახევარსფეროდან შეუიარაღებელი თვალითაც არის შესაძლებელი. სპეციალისტების ვარაუდით, ის ირმის ნახტომის გალაქტიკას 2,4 მილიარდ წელში შეეჯახება.

რადიოტელესკოპის ASKAP დახმარებით შექმნილი მაგელანის დიდი ნისლეულის ახალი რუკა. ფოტო: Clara Pennock

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მაგელანის დიდი ნისლეულის ახალი რუკის შესაქმნელად სპეციალისტებმა ავსტრალიის სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი სააგენტოს CSIRO კუთვნილი რადიოტელესკოპის, სახელწოდებით ASKAP მიერ შეგროვებული მასალა გამოიყენეს. მოცემული ხელსაწყოს დახმარებით ასტრონომებმა ობიექტის ყველაზე დეტალური და მაღალი გარჩევადობის რადიოგამოსახულებები მოიპოვეს. მისი მეშვეობით მეცნიერებმა აღნიშნულ გალაქტიკაში შემავალი ვარსკვლავები და იქ არსებული ტარანტულის ნისლეული შეისწავლეს. ამ რეგიონში ახალი მნათობების ფორმირების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ამის გარდა, მკვლევრები მაგელანის დიდი ნისლეულის მიღმა არსებულ გალაქტიკებსა და მათგან მომავალ გამოსხივებას დააკვირდნენ.

► ანდრომედას გალაქტიკის ყველაზე დეტალური რადიოგამოსახულება გავრცელდა

რადიოტელესკოპის ქსელი ASKAP ავსტრალიის სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი სააგენტოს CSIRO პროექტის Evolutionary Map of the Universe ფარგლებში ამავე ქვეყნის ქალაქ პერთში 2009-2012 წლებში აშენდა. ის საერთო ჯამში 36 თეფშისგან შედგება, რომელთა დიამეტრი 12 მეტრია. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ASKAP-ის დახმარებით სამყაროში არსებული უამრავი გალაქტიკისა და იქ მდებარე ვარსკვლავების ფორმირებისა თუ განვითარების შესახებ საინტერესო ინფორმაციას მოიპოვებენ.  

კომენტარები

ბოლო ამბები