Thumbnail

ნახეთ: NASA-ს როვერმა მარსის ცაზე მთვარე დეიმოსი დააფიქსირა

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) მიერ წითელ პლანეტაზე გაგზავნილმა ახალმა მარსმავალმა Perseverance ციური სხეულის ცაზე მთვარე დეიმოსი დააფიქსირა. ვიდეო, რომელშიც მარსის ერთ-ერთი ბუნებრივი თანამგზავრია ნაჩვენები, ორგანიზაციის ოფიციალურ ტვიტერის გვერდზე გამოქვეყნდა.

► ნახეთ: Curiosity-მ მარსის ცაზე ფერადი ღრუბლები დააფიქსირა

NASA-ს წარმომადგენლების განცხადებით, დეიმოსი Perseverance-ის ობიექტივში მაშინ მოხვდა, როცა მარსმავალი წითელი პლანეტის ცაზე ღრუბლებს იღებდა. როგორც ცნობილია, დაახლოებით 12,4 კილომეტრი დიამეტრის მქონე ციური სხეული მარსიდან საშუალოდ 23,436 კილომეტრის მოშორებით გადაადგილდება, მის გარშემო შემოვლას კი 30 საათზე ოდნავ მეტ დროს ანდომებს. ობიექტის ნათლად დასაფიქსირებლად როვერმა ვიდეოს გადაღებისას გამოსახულება მოაახლოვა. დეიმოსის გარდა წითელ პლანეტას კიდევ ერთი ბუნებრივი თანამგზავრი, სახელად ფობოსი ჰყავს. ამ უკანასკნელის დიამეტრი 22,5 კილომეტრს შეადგენს. ფობოსი მარსის ზედაპირიდან საშუალოდ 9,377 კილომეტრის დისტანციაზე მოძრაობს და მის გარშემო შემოვლას 7 საათსა და 39 წუთს ანდომებს. ორივე ციური სხეული ამერიკელმა ასტრონომმა, ესაფ ჰოლმა 1877 წლის 18 აგვისტოს აღმოაჩინა.

 

მეცნიერების განცხადებით, მარსის მთვარეები, შესაძლოა, უფრო დიდი ციური სხეულის ფრაგმენტები იყოს. ისინი მცირე ზომით, ასევე, უჩვეულო ფორმით გამოირჩევიან და წითელი პლანეტის ეკვატორის გარშემო წრიულ ორბიტაზე გადაადგილდებიან. გარეგნული მახასიათებლების გამო, სპეციალისტებს ობიექტები ასტეროიდებად მიაჩნდათ, თუმცა მოგვიანებით განსხვავებული ჰიპოთეზა ჩამოყალიბდა. მკვლევართა მოსაზრებით, მარსის მახლობლად ადრე დიდი ზომის მთვარე არსებობდა, რომელიც 1-2.7 მილიარდი წლის წინ სხვა ციურ სხეულს შეეჯახა და ფრაგმენტებად დაიშალა. მათი ვარაუდით, სწორედ მსგავს ნარჩენებს წარმოადგენენ ფობოსი და დეიმოსი. აღსანიშნავია, რომ იაპონიის კოსმოსური სააგენტო (JAXA) წითელი პლანეტის მთვარეების შესასწავლად 2024 წლისთვის ხომალდის გაგზავნას აპირებს. პროექტის MMX ფარგლებში 2025 წლის აგვისტოში ფობოსზე ლენდერის დასმა და ციური სხეულის ზედაპირიდან 10 გრამამდე მასალის მოპოვება იგეგმება. წინასწარი ინფორმაციით, კოსმოსური აპარატი შეგროვებულ ნიმუშებს დედამიწაზე 2028 წლის აგვისტოში ჩამოიტანს.

► მეცნიერთა თქმით, მარსზე სიცოცხლის საძიებლად მისი მთვარეების შესწავლაა საჭირო

რაც შეეხება Perseverance-ს, ის NASA-მ მარსისკენ რაკეტით Atlas V ფლორიდის შტატში მდებარე კანავერალის კონცხიდან 2020 წლის 30 ივლისს გაუშვა. აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს ხომალდმა ციურ სხეულამდე შვიდ თვეში, დაახლოებით 500 მილიონი კილომეტრის გავლის შემდეგ მიაღწია. 1025 კილოგრამი წონის მქონე მარსმავალი დასაჯდომ მოდულთან ერთად წითელი პლანეტის ატმოსფეროში მიმდინარე წლის 19 თებერვალს 19,500 კმ/სთ სიჩქარით შეიჭრა და ლენდერის დახმარებით მარსზე მდებარე ჯეზეროს კრატერში დაეშვა. მეცნიერთა ვარაუდით, რამდენიმე მილიარდი წლის წინ ამ ადგილზე ტბა და მდინარის დელტა იყო. მისიის მიზანი, რომლის განსახორციელებლად საერთო ჯამში 2,7 მილიარდი აშშ დოლარი გამოიყო, მარსის გეოლოგიური მახასიათებლების შესწავლა და აღნიშნულ ტერიტორიაზე სიცოცხლის არსებობის დამადასტურებელი ნიშნების მოძიებაა. NASA როვერის მიერ შეგროვებული ნიმუშების დედამიწაზე ჩამოტანას 2031 წლისთვის გეგმავს.

კომენტარები

ბოლო ამბები