Thumbnail

ნახეთ: იუპიტერის 3 თანამგზავრი პლანეტასთან ერთდროულად ჩავლისას

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

მიმდინარე წლის 15 აგვისტოს დედამიწიდან სამმაგი ტრანზიტის სახელით ცნობილი უიშვიათესი მოვლენის დანახვა იყო შესაძლებელი, რა დროსაც ჩვენი მზის სისტემის უდიდეს პლანეტა იუპიტერთან მისმა ბუნებრივმა თანამგზავრებმა - განიმედემ, კალისტომ და ევროპამ ერთდროულად ჩაიარეს. ეს პროცესი ფილიპინებში მცხოვრებმა მოყვარულმა ასტრონომმა, კრისტოფერ გოუმ დააფიქსირა.

ნახეთ: სპეციალისტებმა იუპიტერის მთვარის ინფრაწითელი რუკა შექმნეს

ასტროფოტოგრაფის მიერ გამოქვეყნებულ კადრებში აირის გიგანტად წოდებული ციური სხეული, იუპიტერია აღბეჭდილი, რომლის წინაც მისი 3 თანამგზავრი გადაადგილდება. დიდი ზომით გამორჩეულ ამ ობიექტებს გალილეისეულ მთვარეებადაც მოიხსენიებენ, რადგან ისინი 1600-იან წლებში სწორედ იტალიელმა მეცნიერმა, გალილეო გალილეიმ აღმოაჩინა. კრისტოფერ გოუმ სამმაგი ტრანზიტი ფილიპინებში მდებარე სებუს პროვინციიდან ადგილობრივი დროით 23:00-დან 02:00 საათამდე პერიოდში გადაიღო. მისი განცხადებით, ანიმაციის შემადგენელ ყოველ წამში 30-წუთიანი პროცესია მოქცეული.

იუპიტერის სამმაგი ტრანზიტი. ფოტო: Christopher Go

გავრცელებულ კადრებში მარჯვნივ მოყავისფრო შეფერილობის კალისტოა ნაჩვენები. მის შემდეგ იუპიტერის ზედაპირზე განიმედეს ჩრდილი ეცემა, რომელიც ზომით სხვებს აჭარბებს. ამ უკანასკნელს გვერდს მოყვითალო-მოთეთრო დისკის სახით წარმოდგენილი ევროპა უმშვენებს, რომელიც დედამიწის პერსპექტივიდან მეზობელი ობიექტის უკან უჩინარდება, თუმცა მალევე ისევ ჩნდება. აღსანიშნავია, რომ ამ დროს მასი ზედა ნაწილი ჩაბნელებულია, რადგან მას განიმედე ჩრდილავს, მაგრამ ცოტა ხანში მთლიანად ნათდება და პლანეტის ფონზე მოძრაობას განაგრძობს.

ნახეთ: კოსმოსურ ხომალდ "ჯუნოს" მიერ გადაღებული იუპიტერი და განიმედე

მკვლევართა თქმით, იუპიტერის სამმაგი ტრანზიტი საკმაოდ იშვიათი მოვლენაა, რაც ციური სხეულის თანამგზავრებისთვის დამახასიათებელი განსხვავებული ორბიტული პერიოდითაა განპირობებული. ბოლოს მსგავსი რამ 2015 წელს მოხდა, მომდევნო ჯერზე კი მას 2032 წელს ვიხილავთ.

კომენტარები

ბოლო ამბები