Thumbnail

SpaceX-ის კაფსულით კოსმოსში წაღებულ სვიას ლუდის მოსახარშად გამოიყენებენ

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ილონ მასკის კომპანია SpaceX დედამიწის ორბიტაზე კაფსულა Crew Dragon-ით პირველი კერძო მისიის განხორციელებას მიმდინარე წლის 15 სექტემბერს გეგმავს. ხომალდის ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრის, ამერიკელი მილიარდერის, ჯარედ აიზეკმენის განცხადებით, ისინი თან სვიასაც გაიყოლებენ, რომელიც შემდგომ აუქციონზე გაიყიდება. მისი განცხადებით, მცენარეს ლუდის მოსახარშად გამოიყენებენ.

წითელი ღვინო კოსმოსში უფრო სწრაფად ძველდება

ბიზნესმენის მიერ ტვიტერზე გამოქვეყნებული პოსტის თანახმად, მისიის Inspiration4 ფარგლებში Crew Dragon ჩვენი პლანეტის ორბიტაზე 32 კილოგრამ სვიას აიტანს, რომელიც ლუდის ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტია. ის ამ სასმელს განსაკუთრებულ არომატსა და სიმწარეს მატებს. ხომალდს, რომელიც სწორედ კომპანიის Shift4 Payments თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯარედ აიზეკმენმა დაიქირავა, კოსმოსში რაკეტით Falcon 9 გაუშვებენ. აპარატი დედამიწის გარშემო 2-დან 4 დღემდე დროის განმავლობაში იმოძრავებს, შემდეგ კი ატლანტის ოკეანეში დაეშვება და უჩვეულო ტვირთს უკან ჩამოიტანს. 38 წლის მილიარდერი იმედოვნებს, რომ მცენარის შესყიდვის სურვილს მრავალი ლუდსახარში გამოთქვამს, თუმცა აუქციონის თარიღისა და სხვა დეტალების შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი.

SpaceX-ის პირველ კერძო მისიაში მონაწილე ეკიპაჟის წევრები. ფოტო: Inspiration4

გავრცელებული ინფორმაციით, SpaceX-ის პირველ კერძო მისიაში მონაწილე ეკიპაჟის წევრები თავად ჯარედ აიზეკმენმა შეარჩია. მედიის ცნობით, ფლორიდაში მდებარე კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან ჩვენი პლანეტის ორბიტაზე ის საკუთარი ხარჯებით 51 წლის პროფესორ შონ პროქტორს, 41 წლის მონაცემთა ინჟინერ კრისტოფერ სემბროსკსა და 29 წლის ჰეილი არსენოს წაიყვანს, რომელმაც ახლახან ძვლის კიბო დაამარცხა. Inspiration4-ის, ისევე, როგორც აუქციონის მიზანი ქალაქ მემფისში არსებული წმინდა იუდას ბავშვთა საავადმყოფოსთვის თანხის შეგროვებაა.

ნახეთ: Blue Origin-მა კოსმოსში დინოზავრის ძვლები გაგზავნა

აღსანიშნავია, რომ Crew Dragon-ით ორბიტაზე კერძო მისიას აშშ-ის ტექსასის შტატის ქალაქ ჰიუსტონში დაფუძნებული კომპანია Axiom Space-იც გეგმავს. მასში მონაწილეობას NASA-ს ყოფილი ასტრონავტი მაიკლ ლოპეს-ალეგრია, უძრავი ქონების ინვესტორი ლარი კონორი, ისრაელელი ბიზნესმენი ეითან სტიბი და კანადელი ფილანთროპი მარკ პათი მიიღებენ. მათ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 8-დღის გასატარებლად 55 მილიონი აშშ დოლარის გადახდა მოუწევთ. წინასწარი ინფორმაციით, ფრენა მომდევნო წლის დასაწყისში შედგება.

კომენტარები

ბოლო ამბები