Thumbnail

Apple-მა iPhone 13, შესაძლოა, სექტემბერში წარადგინოს

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ Apple მომხმარებლებს iPhone 13 სერიის სმარტფონები, შესაძლოა, მიმდინარე წლის სექტემბერში წარუდგინოს. სავარაუდოდ, მათ შორის ოთხი ახალი მოდელი - iPhone 13, iPhone 13 mini, iPhone 13 Pro და iPhone 13 Pro Max იქნება. ინტერნეტ სივრცეში მობილური მოწყობილობების მახასიათებლების შესახებ ინფორმაციამ და ვიზუალურმა მასალამ გაჟონა.

► ნახეთ: Apple-მა ახალი ოპერაციული სისტემები წარადგინა

სხვადასხვა წყაროს ცნობით, iPhone 13-სა და iPhone 13 Pro-ს LTPO ეკრანის ზომა 6,1 დუიმი იქნება. ორივე სმარტფონი 5G მხარდაჭერით ისარგებლებს, Apple-ის პარტნიორი კომპანიის TSMC მიერ დამზადებული უმძლავრესი პროცესორით A15 Bionic და 3,095 mAh ტევადობის ელემენტით აღიჭურვება. მობილური მოწყობილობები, დიდი ალბათობით, მწარმოებლის მიერ ახლახან წარდგენილ ოპერაციულ სისტემაზე iOS 15 იმუშავებენ. ინტერნეტში გავრცელებული არაოფიციალური ფოტოების მიხედვით, iPhone 13-ის უკანა კორპუსზე ორი კამერა განლაგდება, iPhone 13 Pro-ს კი სამი კამერა ექნება. სმარტფონების სელფის კამერით მომხმარებლები 12-მეგაპისელიანი ფოტოების გადაღებას შეძლებენ. ორივე მოდელის სისქე, სავარაუდოდ, 7,57 მილიმეტრს შეადგენს.

სავარაუდოდ ასეთი იქნება iPhone 13 სერიის სმარტფონები. ფოტო: forbes

წინასწარი ინფრომაციით, iPhone 13 mini-ს LTPO ეკარნი 5,4-დუიმიანი, iPhone 13 Pro Max-ის დისპლეი კი 6,7-დუიმიანი იქნება. პირველი მათგანის ელემენტის ტევადობა 2,406 mAh-ს, მეორესი კი 4,325 mAh-ს შეადგენს. წინა მოდელების მსგავსად აღნიშნული სმარტფონებიც 5G მხარდაჭერით ისარგებლებენ, პროცესორით A15 Bionic აღიჭურვებიან და Apple-ის მიერ შექმნილ ახალ ოპერაციულ სისტემაზე iOS 15 იმუშავებენ. iPhone 13 mini-ს ორი კამერა ექნება, iPhone 13 Pro Max-ის უკანა კორპუსზე კი სამი კამერა განლაგდება. მობილური მოწყობილობების წინა კამერა 12-მეგაპისელიან ფოტოებს გადაიღებს. როგორც ცნობილია, iPhone 13 სერიის სმარტფონების შიდა მეხსიერება 1TB-მდე გაიზრდება.

► ნახეთ: APPLE-მა ახალი მოწყობილობები წარადგინა

ვარაუდობენ, რომ Apple ახალ სმარტფონებს 7 ან 14 სექტემბერს, ონლაინ ღონისძიებაზე წარადგენს. არაოფიციალური წყაროების ინფორმაციით, მომხმარებლებისთვის iPhone 13 სერიის სხვადასხვა მოდელის შავი, თეთრი, ვერცხლისფერი, ოქროსფერი, ვარდისფერი, წითელი და იასამნისფერი ვერსიები იქნება ხელმისაწვდომი. წინასწარი ცნობით, მათი ფასი 700 აშშ დოლარიდან დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები