Thumbnail

ისტორიაში პირველად, ასტრონომები კოსმოსში ბუმერანგის ეფექტს დააკვირდნენ

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე არიზონის შტატისა და იელის უნივერსიტეტებში მომუშავე მეცნიერები კოსმოსში ბუმერანგის ეფექტს დააკვირდნენ, რაც პირველი მსგავსი პრეცედენტია. ესაა პროცესი, რომლის დროსაც გალაქტიკიდან განდევნილი მოლეკულური აირი პირვანდელ მდგომარეობას უბრუნდება. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოცემაში The Astrophysical Journal ახლახან გამოქვეყნებულ ნაშრომშია წარმოდგენილი.

ნახეთ: ასტრონომებმა ჩვენს გალაქტიკაში უჩვეულო სტრუქტურა აღმოაჩინეს

კვლევის ფარგლებში ასტრონომებმა ჩვენგან 320 მილიონი წლით დაშორებული სპირალური გალაქტიკა, სახელად NGC 4921 შეისწავლეს, რომელიც ცის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში არსებულ ბერენიკეს თმის თანავარსკვლავედშია განლაგებული. ეს მათ ატაკამის უდაბნოში მდებარე, 66 რადიოტელესკოპისგან შემდგარი ინტერფერომეტრის ALMA მეშვეობით შეძლეს. სპეციალისტებს სურდათ გაეგოთ, რა გავლენა აქვს მასზე აირის ნაკადს, რომელიც მსგავსი ობიექტების შემადგენელ მატერიას ღია კოსმოსისკენ უბიძგებს. შედეგად, გალაქტიკა ახალი მნათობების წარმოქმნის უნარს კარგავს, რაც მისი სიცოცხლის ხანგრძლივობაზეც აისახება.

NGC 4921-ში არსებული მკვრივი მოლეკულური აირი. ფოტო: ALMA

ნაშრომის ავტორებმა ALMA-ს საშუალებით NGC 4921-ის მოლეკულური აირის ამსახველი მაღალი გარჩევადობის რუკა შექმნეს. სურათზე მკვრივი, მოგრძო ღრუბლებია ნაჩვენები, რომლებიც გალაქტიკიდან მატერიის განდევნის პროცესს მათზე მოქმედი მძლავრი მაგნიტური ველის დახმარებით უძლებენ. მასზე დაკვირვებისას მეცნიერებმა შენიშნეს, რომ ობიექტიდან აქამდე გამოცალკევებული აირი კოსმოსში გადინების ნაცვლად, უკან ბრუნდებოდა. ამ მოვლენაზე, რომელსაც ბუმერანგის ეფექტი ეწოდება, დღემდე მხოლოდ თეორიული ცნობები მოგვეპოვებოდა, ახლა კი ის პრაქტიკაში დააფიქსირეს.

ასტრონომებმა მაგელანის დიდი ნისლეულის ახალი რუკა შექმნეს

მკვლევართა განცხადებით, უკანასკნელი მიგნება მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია. მათი თქმით, ეს გალაქტიკების ფორმირების, განვითარებისა და სიკვდილის შესახებ მეტის გაგებას გახდის შესაძლებელს.

კომენტარები

ბოლო ამბები