Thumbnail

მზის სისტემაში ყველაზე მოკლე ორბიტული პერიოდის მქონე ასტეროიდი აღმოაჩინეს

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქ ვაშინგტონში განლაგებულ ენდრიუ კარნეგის სახელობის სამეცნიერო ინსტიტუტში მომუშავე ასტრონომმა, სკოტ შეპარდმა ჩვენს მზის სისტემაში ყველაზე მოკლე ორბიტული პერიოდის მქონე ასტეროიდი აღმოაჩინა. ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ში მდებარე ოპტიკურ-ინფრაწითელი ასტრონომიული კვლევების ეროვნული ლაბორატორიის (NOIRLab) ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

► NASA-მ ასტეროიდ ბენუს დედამიწასთან შეჯახების ალბათობა და თარიღი გამოთვალა

ასტეროიდს, რომელსაც 2021 PH27 უწოდეს, სკოტ შეპარდმა ჩილეში განლაგებული ვიქტორ მანუელ ბლანკოს სახელობის, 4 მეტრი აპერტურის მქონე ტელესკოპის დახმარებით მიაკვლია. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მეცნიერმა ობიექტი აღნიშნულ ხელსაწყოზე დამონტაჟებული 570-მეგაპიქსელიანი კამერის, სახელწოდებით Dark Energy Camera (DECam) დახმარებით დააფიქსირა. ამის შემდეგ, აშშ-ში მდებარე ჰავაის უნივერსიტეტში მოღვაწე ასტრონომმა, დევიდ თოლენმა 2021 PH27-ის მდებარეობა და მისი გადაადგილების ტრაექტორია განსაზღვრა.

ასტეროიდი 2021 PH27 ფოტოზე წითელი და ლურჯი ფერით, დროის სხვადასხვა მონაკვეთშია აღბეჭდილი. ფოტო: S.S. Sheppard

მეცნიერების გამოთვლებით, ახლახან აღმოჩენილი ასტეროიდი, რომლის დიამეტრიც დაახლოებით 1 კილომეტრს შეადგენს, ჩვენი მნათობის გარშემო შემოვლას 113 დღეს ანდომებს. აღსანიშნავია, რომ მზის სისტემაში მდებარე ერთადერთი ციური სხეული, რომელიც უფრო მოკლე ორბიტული პერიოდით ხასიათდება პლანეტა მერკურია. ის თავისი ვარსკვლავის გარშემო ერთ ბრუნს 88 დღეში ასრულებს. სპეციალისტების განცხადებით, 2021 PH27 ელიფსურ ორბიტაზე გადაადგილდება. ის მნათობთან ყველაზე ახლოს 20 მილიონი კილომეტრის მანძილზე მიდის, რა დროსაც ასტეროიდის ზედაპირზე ტემპერატურა 500 °C-მდე იზრდება.

სპეციალისტების მოსაზრებით, 2021 PH27 მზის სისტემაში განლაგებულ ასტეროიდთა სარტყელში, მარსსა და იუპიტერს შორის წარმოიქმნა, ამის შემდეგ კი პლანეტების გრავიტაციის ზეგავლენით ჩვენს მნათობს მიუახლოვდა. მეცნიერების ვარაუდით, ობიექტის ორბიტა საკმაოდ არამყარია. აქედან გამომდინარე, არ გამორიცხავენ, რომ ასტეროიდი რამდენიმე მილიონი წლის შემდეგ მზეს, მერკურის ან ვენერას შეეჯახოს.

► მეცნიერებმა ასტეროიდზე წყალი და ორგანული ნივთიერებები აღმოაჩინეს

როგორც ცნობილია, ამჟამად 2021 PH27 ვარსკვლავის უკან გადაადგილდება. ასტრონომები მასზე დაკვირვებას 2022 წლის დასაწყისიდან შეძლებენ. სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ ასტეროიდის უკეთ შესწავლასა და მისი ორბიტის უფრო დეტალურად განსაზღვრას მოახერხებენ, რის შემდეგაც, მათი თქმით, ობიექტს ოფიციალურ სახელს დაარქმევენ.

კომენტარები

ბოლო ამბები