Thumbnail

NASA-ს გადაწყვეტილებით, 2024 წელს მარსზე 2 ახალ ხელოვნურ თანამგზავრს გაუშვებენ

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულმა სააგენტომ (NASA) კალიფორნიის უნივერსიტეტის მიერ დაგეგმილი მისია ESCAPADE დაამტკიცა, რომელიც მარსზე 2 ახალი ხელოვნური თანამგზავრის გაშვებას გულისხმობს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფრენა 2024 წელს შედგება.

ჩინურმა მარსმავალმა Zhurong საწყისი მისია წარმატებით დაასრულა

პლანეტათაშორისი მისია NASA-ს პროგრამის SIMPLEx ფარგლებში განხორციელდება. ამ იდეაზე აშშ-ის ქალაქ ბერკლიში მდებარე კალიფორნიის უნივერსიტეტის კოსმოსურ მეცნიერებათა ლაბორატორიის სპეციალისტები 2 წლის განმავლობაში მუშაობდნენ. მათი განცხადებით, ESCAPADE მარსზე Blue-ს და Gold-ის სახელით ცნობილი ზონდების გაგზავნას ითვალისწინებს. აპარატები ციური სხეულის ორბიტაზე განლაგდებიან და მისი ზედაპირისგან 150-დან 10,000 კილომეტრამდე მანძილის მოშორებით იმოძრავებენ. იქიდან ისინი ობიექტის ატმოსფეროს, იონოსფეროსა და მაგნიტოსფეროს დააკვირდებიან. მათ მიერ მოპოვებული მონაცემები წითელი პლანეტის ადრეული კლიმატის შესახებ მეტის გაგებაში დაგვეხმარება.

Blue-ს და Gold-ის სახელით ცნობილი ზონდები მარსის ორბიტაზე განლაგდებიან. ფოტო: UC Berkeley

აღსანიშნავია, რომ მკვლევართა გუნდი კოსმოსური ხომალდების მწარმოებელ ამერიკულ კომპანიასთან Rocket Lab ითანამშრომლებს. ეს უკანასკნელი მათ Photon-ად წოდებული სპეციალური მოდულებით მოამარაგებს, რომლებშიც სამეცნიერო ხელსაწყოებით აღჭურვილ ხელოვნურ თანამგზავრებს მოათავსებენ. მათ მარსისკენ კომერციული რაკეტით გაუშვებენ, თუმცა NASA-ს კონკრეტული აპარატი ჯერჯერობით არ დაუსახელებია. ESCAPADE საკმაოდ ბიუჯეტური იქნება. კერძოდ, მისი განხორციელება 80 მილიონ აშშ დოლარამდე დაჯდება, როცა სხვა მსგავსი მისიების ღირებულება 1 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს.

ნახეთ: NASA-ს როვერმა მარსის ცაზე მთვარე დეიმოსი დააფიქსირა

მედიის ცნობით, Blue-ს და Gold-ს წითელ პლანეტაზე 2024 წლის ოქტომბერში გაგზავნიან, დანიშნულების ადგილამდე მისვლას კი ისინი დაახლოებით 11 თვეს მოანდომებენ. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ზონდებისგან პირველ მონაცემებს 2026 წლის დასაწყისისთვის მივიღებთ.

კომენტარები

ბოლო ამბები