Thumbnail

Sony-მ სათამაშო კონსოლის PlayStation 5 ახალი ვერსია გამოუშვა

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

იაპონურმა ტექნოლოგიურმა კორპორაციამ Sony ახალი თაობის სათამაშო კონსოლის PlayStation 5 გაუმჯობესებული ვერსია გამოუშვა. მოწყობილობის გაყიდვა ავსტრალიაში უკვე დაიწყო, თუმცა ჯერჯერობით გაურკვეველია, როდის გამოჩნდება განახლებული მოდელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სავაჭრო პლატფორმაზე.

► ნახეთ: Sony-მ ახალი სმარტფონები წარადგინა

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სათამაშო კონსოლის ახალი ვერსია 3,6 კილოგრამს იწონის და PlayStation 5-ის სტანდარტულ მოდელზე დაახლოებით 300 გრამით მსუბუქია. ამჟამად უცნობია, რა ცვლილებებს მიმართა Sony-მ მოწყობილობის წონის შესამცირებლად, ვინაიდან კომპანიის წარმომადგენლებს ამის შესახებ არ უსაუბრიათ. ავსტრალიური მედიის ცნობით, PlayStation 5-ის გაუმჯობესებული ვერსიის სადგამს წინამორბედისგან გასხვავებული ხრახნი აქვს, რომლის დატრიალებაც სპეციალური ხელსაწყოს დახმარების გარეშე, შიშველი ხელებით არის შესაძლებელი. როგორც ამ დროისთვის ირკვევა, Sony-ის სათამაშო კონსოლში სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შეუტანია.

PlayStation 5-ის ძველი და ახალი მოდელის სადგამი. ფოტო: @bdp2007

Sony-მ ახალი თაობის სათამაშო კონსოლი PlayStation 5 გასული წლის ივნისში წარადგინა. ის 4K Blu-ray დისკის წამკითხველით, 8-ბირთვიანი პროცესორით AMD Zen 2 და 10,28 ტერაფლოპსი სიმძლავრის ვიდეობარათით AMD RDNA 2 არის აღჭურვილი. კონსოლის GDDR6 სტანდარტის ოპერატიული მეხსიერება 16GB-ია, მყარი დისკი კი 825GB-იანი SSD, რომლის წარმადობაც წამში 5,5-დან 9 გიგაბაიტამდეა. ეს მონაცემების მოკლე დროში ჩატვირთვასა და დიდი მოცულობის ინფორმაციის მარტივად დამუშავებას უწყობს ხელს, რის შედეგადაც მოდელი PlayStation 4-ზე დაახლობით 20-ჯერ სწრაფია. ამის გარდა, მოწყობილობა 8K გრაფიკისა და სამგანზომილებიანი აუდიოჟღერადობის მხარდაჭერით სარგებლობს.

► Sony A1 - ახალი 50-მეგაპიქსელიანი ფლაგმანი

აღსანიშნავია, რომ იაპონური კომპანია PlayStation 5-ში მნიშვნელოვანი ცვლილების შეტანას 2022 წელს აპირებს. Sony-ის წარმომადგენლების განცხადებით, მომავალ წელს სათამაშო კონსოლის გაუმჯობესებული მოდელის გამოშვება იგეგმება, რომელსაც უფრო დახვეწილი სამომხმარებლო ინტერფეისი ექნება და M.2 SSD დისკით აღიჭურვება.

კომენტარები

ბოლო ამბები