Thumbnail

ჩვენს გალაქტიკას, შესაძლოა, კიდევ ერთი სპირალური შვერილი ჰქონდეს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ჩინეთში მდებარე ნანკინის უნივერსიტეტში მომუშავე სპეციალისტებმა კოლეგებთან ერთად ჩვენს გალაქტიკაში უჩვეულო სტრუქტურა აღმოაჩინეს, რომელიც, შესაძლოა, მისი აქამდე უცნობი სპირალური მკლავი იყოს. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია სამეცნიერო პორტალზე arXiv ახლახან გამოქვეყნებულ ნაშრომშია თავმოყრილი.

ნახეთ: ასტრონომებმა ჩვენს გალაქტიკაში უჩვეულო სტრუქტურა აღმოაჩინეს

ირმის ნახტომის გალაქტიკის ზუსტი აგებულება დღემდე კითხვის ნიშნის ქვეშაა. მისი ფორმის დადგენას ის ართულებს, რომ დედამიწა მატერიის ამ უზარმაზარი სისტემის შიგნით მდებარეობს, შესაბამისად, აქედან მისი მხოლოდ მცირე ნაწილის დანახვაა შესაძლებელი. აქამდე მოპოვებული მონაცემების თანახმად, ჩვენს გალაქტიკას ორი მთავარი და ორი მცირე სპირალური მკლავი აქვს - ორიონის, მშვილდოსნის, კენტავრისა და გედის, რომლებიც ვარსკვლავების, მტვრისა და აირისგანაა შედგენილი. თუმცა, ახალი კვლევის მიხედვით, არაა გამორიცხული, რომ მათ გარდა კიდევ ერთი შვერილი არსებობდეს.

Cygnus-X, რომლის მიღმაც ახალაღმოჩენილი სტრუქტურაა განლაგებული. ფოტო: Getty Images

მეცნიერებმა წყალბადის შემცველი აირის ღრუბლების სახით წარმოდგენილი შვერილი ჩინეთში განლაგებული რადიოტელესკოპის FAST მეშვეობით მაშინ დააფიქსირეს, როცა დედამიწისგან 4,500 სინათლის წლით დაშორებულ რეგიონს Cygnus-X აკვირდებოდნენ. ნაშრომის ავტორებმა მას "Cattail" ამავე სახელის მქონე მოგრძო ბალახოვან მცენარესთან მსგავსების გამო უწოდეს. მკვლევართა განცხადებით, 3,600 სინათლის წლის მანძილზე გადაჭიმულ ამ სტრუქტურაში 65,000 მზეა. ჩვენს პლანეტასა და მას შორის დისტანცია კი 68,000 სინათლის წელს შეადგენს.

ასტრონომებმა ჩვენს გალაქტიკაში 100-ზე მეტი შავი ხვრელი აღმოაჩინეს

ასტრონომები ახლო მომავალში Cattail-ის უკეთ შესწავლას გეგმავენ. მათ სურთ გაარკვიონ, უკავშირდება თუ არა ის ირმის ნახტომის გალაქტიკის ცენტრს სხვა სპირალური მკლავების მსგავსად და რამდენად შეიძლება მათ რიგში მოვიაზროთ.

კომენტარები

ბოლო ამბები